ახალი ამბები

საქართველო რუსეთს გაერო-ს წესდების დარღვევაში ადანაშაულებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – 26 აგვისტოს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში რევაზ ადამიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ ცნობად მიიღოს რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობისა და გაერო-ს წესდების “დაუგარავი დარღვევა”. ადამიას თქმით, საქართველო დარწმუნებულია, რომ სწორედ რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს 23 აგვისტოს მისი ტერიტორია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ადამიამ რუსეთი “სახელმწიფო ტერორიზმში” დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები “საფრთხეს უქმნის მშვიდობას და საერთაშორისო უსაფრთხოებას, რასაც მთელი კავკასიის რეგიონის ომში ჩათრევა შეიძლება მოჰყვეს”.

ამავე დროს, რევაზ ადამიამ მიანიშნა, რომ საქართველომ ჯერ არ გადაწყვიტა, მიმართავს თუ არა ოფიციალურად გაეროს უშიშროების საბჭოს ამ ინციდენტთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის ავიაციის მიერ 23 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის  დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

მსგავსი/Related

Back to top button