ახალი ამბები

ძალოვანი მინისტრები პანკისის ხეობაში ჩადიან

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – 26 აგვისტოს პანკისის ხეობაში შინაგან საქმეტა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და უშიშრების მინისტრი ვალერი ხაბურზანია ჩავიდნენ. მათი თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ძალოვანი უწყებების მინისტრები ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებიდან მეორე დღეს ჩავიდნენ ხეობაში. ‘სადაც გვინდა, იქ შევალთ”, განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ორივე მინისტრი აცხადებს, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. მანამდე მათ კონფიდენციალური შეხვედრა ჰქონდათ, რომლის შინაარსი ჟურნალისტებისათვის უცნობია.

ხეობაში დღემდე მოქმედ 2 პუნქტს კიდევ 7 დაემატა. ძალოვნების განცხადებით, შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილების შესვლას ექსცესები არ მოჰყოლია.

ადგილობრივი მოსახლეობა სინაგანი ჯარების შესვლას კმაყოფილებით შეხვდა. მათ თხოვნით მიმართეს ქართველ ძალოვან მინისტრებს და შინაგან ჯარებში მსახურობის სურვილი გამოთქვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილობრივ ქისტ მოსახლეობას კონტრაქტის საფუძველზე დაიქირავებენ.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამდა ქართველი ძალოვნების ხეობაში შესვლის თაობაზე.

ხვალ პრეზიდენტი შევარდნაძე ახმეტის რაიონში ჩავა, რათა 23 აგვისტოს დაბომბვის შედეგად დაღუპული გურამ ოტიაშვილის დაკრძალვას დაესწროს. შესაძლოა, პრეზიდენტი პანკისის ხეობაშიც ჩავიდეს.

შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები 25 აგვისტოს შევიდა პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩასატარებლად.

Back to top button