ახალი ამბები

დიდი მანევრები პანკისის ხეობის მახლობლად

25 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება “კახეთი 2002” დაიწყო. სამხედრო სწავლება პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 23 აგვისტოს დაწყებულ ანტიკრიმინალურ ოპერაციის პარალელურად მიმდინარეობს. ამჟამად, ახმეტის რაიონში ქართული შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციაა.

“კახეთი 2002” საზეიმოდ გახსნა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 1500 ოფიცერი და ჯარისკაცი. დაგეგმილია სხვადასხვა ქვედანაყოფებისა და ბატალიონების ერთობლივი მოქმედებების კოორდინირება. სწავლებას სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და პოლკოვნიკი იმედაძე უხელმძღვანელებენ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილი სცენარის თანახმად, სამხედროები, ძირითადად, ჰუმანიტარულ და ანტიტერორისტულ ოპერაციებს დაამუშავებენ.

რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ სწავლება პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალურ ოპერაციას არ უკავშირდება,  თუმცა, ფიჩხოვანში სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა, რომ “[სამხედროების ყოფნა] ანტიკრიმინალურ ოპერაციას ხელსაყრელ ფონს უქმნის”.

ნათელია, რომ აღნიშნული სწავლებები სწორედ პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის ფონზე ძალის დემონსტრირებას ისახავს მიზნად. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს “კახეთი 2002”-ის ხანგრძლივობას და სწავლებაზე გამოყოფილი თანხების ზუსტ მოცულობას. თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯარები მანამ დარჩებიან, სანამ საჭირო იქნება.

“იმ ძალებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩვენს სამართალდამცველებს წინააღმდეგობას გაუწევენ, უნდა იცოდნენ, რომ არმია აქ არის და საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მივა”, დაუფარავად განაცხადა პარლამენტარმა გია ბარამიძემ წვრთნების რეალური მიზეზების შესახებ კომენტირებისას.

რამდენიმე დღის წინ რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიის ხელახალი დაბომბვის შემდეგ, პარლამენტი აპირებს თავდაცვის სამიისტროს მიერ შემუშავებული გეგმა საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზებისა და მზადყოფნაში მოყვანის შესახებ განიხილოს. სამხედროების გაანგარიშებით, საჭიროა მინიმუმ 24 მილიონი ლარი, რათა სასიცოცხლოდ აუცილებელი  აღჭურვილობის შეძენა მოხდეს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე არსებობს, თუ არა იმის გარანტია, რომ საქართველოს ტერიტორია აღარ დაიბომბება, დავით თევზაძემ უპასუხა: “გარანტიას მე ვერავის ვერ მივცემ. პირიქით, უფრო სავარაუდოა, რომ დაბომბვები განმეორდეს”.

პარლამენტარ გია ბარამიძის თქმით, “სამწუხაროდ”, ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა პრეზიდენტთან შეთანხმებას მოითხოვს. “სამწუხაროდ იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც პრეზიდენტს ვთხოვთ, რომ შესაბამისი თანხები გამოჰყოს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ამაოდ”.

პარლამენტარის აზრს ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიზეც იზიარებს. თუმცა, ვერც ბარამიძე და ვერც ჯაფარიძე ვერ აკონკრეტებენ, თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილის შეკვეცის ხარჯზე უნდა მოხდეს საჭირო თანხების მოძიება.

სანამ პოლიტიკოსები ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასა და საჭირო ტექნიკის შეძენაზე შეთანხმდებიან, მანამდე საქართველოს საჰაერო სივრცე დაუცველი იქნება, ხოლო საქართველოს მოსახლეობა კვლავ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების იმედზე დარჩება.  

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ქვეყნის თავდაცვა სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს
სერ გარი ჯონსონი საქართველოს თავდაცვის სიტემის რეფორმაზე საუბრობს
თავდაცვის სამინისტროს “თეთრი წიგნი
პოლკოვნიკი ოთარ შალიკაშვილი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის შესახებ
“კოოპერეიტივ ბესტ ეფორტ 2002” დაიწყო
ვაზიანის სამხედრო ბაზა თურქეთის დახმარებით გაიხსნა

მსგავსი/Related

Back to top button