ახალი ამბები

ივანოვი ჩეჩნების რუსეთში გადასვლის წინააღდეგია

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 აგვისტო, 2002) – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წინააღდეგია, რომ პანკისის ხეობაში ოპერაციის ჩატარებით საქართველოს სამართალდამცავებმა ჩეჩენი მებრძოლები აიძულონ, რომ ჩეჩნეთში გადავიდნენ. ამის თაობაზე რუსეთის საინფორმაციო სასუალებები იუწყებიან.

“საქართველოს ფორმირებები – შეიარაღებული ძალები და შინაგანი ჯარები, როგორც ეტყობა, პრობლემის სერიოზულობას მიხვდნენ და რაღაცის გაკეთებას აპირებენ. მაგრამ საკითხავი ის არის, თუ რის გაკეთებას?”, – განაცხადა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა.

“ჩვენ არ გვინდა, რომ სხვა სახელმწიფოდან შემოსული მკვლელებისა და ტერორისტების ბანდები ჩვენს ტერიტორიაზე სიკვდილს თესავდნენ. ეს პოზიცია გასაგებია, სწორია და ობიექტურია. ჩვენ გვჭირდება, რომ ბანდიტების მეთაურები მაინც მოაქციონ ბლოკადაში, განაიარაღონ და თუ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთს გადმოსცენ. ან მეორე ვარიანტი – უნდა განადგურდნენ, ხოლო მათი გვამები რუსეთის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას გადასცენ ამოსაცნობად”, – განაცხადა ივანოვმა.

25 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში საქართველოს შინაგანი ჯარების დამატებითი ძალები პანკისის ხეობის დასახლებულ პუნქტებში შევიდნენ. როგორც ორშაბათს დილით შინაგანი ჯარების სარდლობამ ჟურნალისტებს აცნობა, ჯერ-ჯერობით ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

მსგავსი/Related

Back to top button