ახალი ამბები

რუსი სამხედროები მიესალმებიან ერთობლივი საგამოძიებო კომისიის შექმნას

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 აგვისტო, 2002) – რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსი და ქართველი სამხედროები მზად არიან, ერთობლივად გამოიძიონ ცნობები პანკისის ხეობის დაბომბვის თაობაზე.

“რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ვლადიმირ მიხაილოვმა მიიღო ტელეგრამა საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის, გენერალ-მაიორ ბეროზაშვილისგან, რომლითაც იგი სთავაზობს ერთობლივი კომისიის შექმნას პანკისში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად”, – აცნობა “ინტერფაქსს” რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პრესს-სამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა დრობიშევსკიმ.

“რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები მიესალმებიან ქართულ მხაერსთან ერთობლივი კომისიის შექმნას”, – განაცხადა მან. “მაგრამ იმისთვის, რომ ორმხრივი კომისია იქნას შექმნილი, აუცილებელია რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების თანხმობა”, – აღნიშნა დრობიშევსკიმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კვლავ უარყო, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის ავიაციამ დაბომბა. “რაც შეეხება ბრალდებებს პანკისის ხეობის დაბომბვის შესახებ, შეგახსენებთ, რომ ეს ბრალდებები უკვე მეათედ თუ მეოცედ ისმის”, – უთხრა ივანოვმა ჟურნალისტებს 26 აგვისტოს.

მან თავი აარიდა კომენტარებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნოტასთან დაკავშირებით, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის გამო. “ჩემი მოვალეობების სფეროში არ შედის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებების კომენტირება, საამისოდ ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაქვს”, – აღნიშნა ივანოვმა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შედეგად 23 აგვისტოს გამთენიისას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7 დაშავდა.

მსგავსი/Related

Back to top button