ახალი ამბები

დაბომბვა მიმართული იყო პანკისში ოპერაციის ჩაშლაზე – შევარდნაძე

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 26 აგვისტო, 2002) – “[საქართველოს ტერიტორიის] დაბომბვა მიმართული იყო პანკისის ხეობაში დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლაზე, რომელმაც საქართველოს ტერიტორია უნდა გაწმინდოს აქეთ მიზანმიმართულად გამოდევნილი ტერორისტებისა და შეიარაღებული ჯგუფებისგან”, – განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარნაძემ 26 აგვისტოს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

“ქართული სოფლების დაბომბვის მიზანი საქართველოში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნება და მსხვილი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების ჩაშლაა, – აღნიშნა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვისას შევარდნაძემ დასვა შეკითხვა: “რისთვის გამოდევნეს გარკვეულმა ძალებმა სამი წლის წინ “მშვიდობიანად” ბოევიკები რუსეთიდან საქართველოში?”.

პანკისში დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის მთავარ ამოცანად პრეზიდენტმა დაასახელა რეგიონის გაწმენდა “ყველა ჯურის” კრიმინალური ელემენტებისგან.

25 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში პანკისის ხეობის ყველა დასახლებულ პუნქტში შინაგანი ჯარების დამატებითი ძალები შევიდნენ. როგორც ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადეს შინაგანი ჯარების სარდლობის წარმომადგენლებმა, ანტიკრიმინალური ოპერაციის პირველმა ფაზამ მშვიდობიანად ჩაიარა.

მსგავსი/Related

Back to top button