ახალი ამბები

რუსი მესაზღვრები აცხადებენ, რომ ორი დაკარგული მესაზღვრე შეიძლება საქართველოში გადაიყვანეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 აგვისტო, 2002) – რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადება, რომ “შესაძლოა, ორი დაკარგული რუსი მესაზღვრე გაიტაცეს ჩეჩნებმა და საქართველოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს”.

პარასკევს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთის მონაკვეთზე რუსმა მესაზღვრეებმა დაკარგეს კავშირი თავიანთ თანამოსამსახურეთა პატრულთან. მოგვიანებით აღმოაჩინეს 8 მესაზღვრის გვამი, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

სააგენტო “ინტერფაქსმა” რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა სიტყვებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ “ქართული მხარე ინფორმირებულია რუს მესაზღვრეთა დაკარგვის თაობაზე და რუსეთი იმედს ამყარებს ქართველ მესაზღვრეთა დახმარებაზე”.

Back to top button