ახალი ამბები

ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ახმეტის რაიონში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 25 აგვისტო, 2002) – 25 აგვისტოს ახმეტის რაიონში თავდაცვის სამინისტროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები – “კახეთი – 2002” დაიწყო.

საქართველოს თავდაცვითი უწყების მეთაურმა დავით თევზაძემ სწავლებების გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა, რომ სწავლებების პირველ ეტაპში 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

“ინტერფაქსის” ცნობით, მინისტრმა განაცხადა, რომ “სწავლებების მიზანია ექსტრემალურ პირობებში ჯარების სხვადასხვა სახეობებს შორის ურთიერთქმედებების გამომუშავება”.

მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა “ინტერფაქსს” აცნობა, რომ ჯარები მზად არიან ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად, მათ შორის შეიარაღებულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან შესაძლო შეტაკებისთვისაც კი.

როგორც მინისტრმა თევზაძემ წვრთნების დაწყებამდე რამდენჯერმე განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ძალები უშუალოდ პანკისის ხეობაში შესვლას არ გეგმავენ.

ამასთან, “ინტერფაქსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პანკისის ხეობაში არ შესულან არც შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები, თუმცა ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყების ბრძანებას ნებისმიერ წუთს ელიან.

Back to top button