
“ქართულ სოფლებზე ნადირობა გრძელდება”
რუსეთი საქართველოზე ზეწოლას აძლიერებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. “დროა, შეწყდეს ქართულ სოფლებზე ნადირობა”, განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მომხდარის კომენტირებისას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმირ გუდევს საპოროტესტო ნოტა გაუგზავნა. “სახეზეა სამხედრო აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. საქართველოს ხელისუფლებისა და თბილისში რუსეთის საელჩოს წინ შეკრებილი უბრალო მოქალაქეების მიერ გამოთქმული პროტესტის მიუხედავად, რუსი თანამდებობის პირების რეაქცია ცინიკური იყო. წინა შემთხვევების მსგავსად, რუსეთის უმაღლეს ხელისუფალთაგან კომენტარი მხოლოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა გააკეთა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის მიერ საქრთველოს ტერიტორიების დაბომბვის ფაქტი უარყო. ივანოვი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ. “აფეთქებები შეიძლება ქართველი სამხედროების მიერ პანკისის ხეობაში დაწყებული ოპერაციის დროს მომხდარიყო “. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებელთა მისიაც გააკრიტიკა, რომელმაც საჰაერო სივრცის დარღვევა დააფიქსირა. ივანოვის თქმით, უმჯობესია [ეუთო-მ] ჩეჩენი მეამბოხეების მიერ რუსეთში შეღწევის ფაქტები დააფიქსიროს, რომელიც “მათ ცხვირის წინ ხდება”. ამ ინციდენტს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკვეთრი რეაქცია არ მოჰყოლია, რაც, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ დაბომბვა პარასკევს მოხდა. ამან საშუალება არ მისცა დასავლეთის სახელმწიფოებს მთავრობებს შესაბამისი პასუხის გასაცემად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარის შესახებ აშშ-ისა და ევროპის სახელმწიფოებს თბილისში მათი ელჩების მეშვეობით აცნობა. ამავდროულად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ ფაქტს თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მკვეთრი რეაქცია უნდა მოჰყვეს. დიპლომატიური დემარშების მიუხედავად, ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია ძალიან შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების უუნარობით საქართველოს საჰაერო სივრცის მუდმივი დარღვევა აღკვეთოს. ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსეთის მზარდი ზეწოლა გავლენას მოახდენს საქართველოს შინაგანი ჯარების საბრძოლო განწყობაზე, რომელმაც ამ დღეებში ანტიკრიმინალური ოპერაცია უნდა დაიწყონ პანკისში. ოპოზიციის აზრით, თუ რუსეთის მიერ განხორციელებული ზეწოლა კვლავაც გაგრძელება საერთაშორისო თანამეგობრობის სიჩუმის ფონზე, მაშინ საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, დაჰყვეს რუსეთის ნებას და პანკისის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრას დათანხმდეს. ამავდროულად, საქართველოს შეიარაღებული ძალები კვლავ ვერ ახერხებენ საჰაერო სივრცის დარღვევის დაფიქსირებას და მათზე შესაბამისი პასუხის გაცემას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო საჰაერო სივრცის კონტროლს სრულფასოვნად ვეღარ ახერხებს. გუშინ თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ აღიარა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დიდ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავები ჩამოაგდონ. დაბომბვების შემდეგ, ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ძალიან შეშფოთებულია. რუსი სამხედროებისა და პოლიტიკოსების ცინიზმი და გამომწვევი ქცევა ბადებს შიშს, რომ რუსეთი აღარ სცემს პატივს ე.წ. “წითელი ხაზის” პოლიტიკას, რაც საქართველოს სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას გულისხმობს. ოფიციალურ განცხადებებში საქართველოს “ტერორიზმის ბუდედ” მოხსენიება ამ მოსაზრებას რეალურობის ელფერს სძენს. სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დაბომბვას პირველი მსხვერპლი მოჰყვა. 23 აგვისტოს გამთენიისას რუსულმა საფრენმა აპარატებმა ილტოს ხეობა და დაბა თიანეთის მიდამოები, ივრის ხეობა, ტბათანი და ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვრის ხევსურეთის მონაკვეთი დაბომბეს. რუსების მიერ განხორციელებულ სამხედრო რეიდის შედეგად შეშის საჭრელად გასული სოფელ მატაანის მცხოვრები 70 წლის გურამ ოტიაშვილი გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად მყოფი შვიდი ადამიანი მძიმედ დაიჭრა და კანტუზია მიიღო.
რუსულმა ბომბებმა მშვიდობიანო მოსახლის სიცოცხლე შეიწირეს