ახალი ამბები

ამერიკელი სენატორი საქართველოს ტერიტორიის დაბომბვით შეშფოთებულია

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 24 აგვისტო, 2002) – საინფორმაციო სააგენტო “გეას” ცნობით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისა და ილტოს ხეობის დაბომბვასთან დაკავშირებით სენატორმა ჩაკ ჰეიგელმა (ნებრასკას შტატი) გამოაქვეყნა განცხადება. “მე შეშფოთებული ვარ ამ ცნობით. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რუსეთმა უნდა განმარტოს, თუ რა როლი ითამაშა აღნიშნულ დაბომბვაში. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია და იგი სირთულეებს აწყდება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისას ისეთი არასტაბილური რეგიონის გვერდით, როგორიც ჩეჩნეთია”, ნათქვამია განცხადებაში.

სენატორი ჰეიგელი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა აშშ-თან ერთად ტერორიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებს რეგიონში. “მსგავსი ინციდენტები ძირს უთხრის საქართველოს, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში”, ნათქვამია განცხადების დასასრულს.

Back to top button