ახალი ამბები

ალდამოვი ჩეჩენთა ექსტრადიციის წინააღმდეგია

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 აგვისტო, 2002) – რუსეთს 13 დაკავებული ჩეჩენის მიმართ არანაირი დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია, რომ ისინი საომარ ქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას, ამიტომ რუსეთისთვის მათი გადაცემა დაუშვებელია, – განაცხადა “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვმა.

მისი თქმით, დაკავებულებმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს და აქ უნდა გასამართლდნენ.

თბილისმა რუსეთს აქამდე 15 ჩეჩენი გადასცა და მოსკოვს მადლობაც არ უთქვამს, პირიქით განაგრძობს ბრალდებებს და დაბომბვას, – დასძინა ალდამოვმა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს ჩეჩნეთის გენერალური პროკურატურის მიერ მომზადებული მასალები გადასცა 13 ჩეჩენთან დაკავშირებით და მათ ექსტრადიციას მოითხოვს.

Back to top button