
ქართული მხარე პასუხს მოითხოვს სამშვიდობოების თვითნებობასთან დაკავშირებით
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 აგვისტო, 2002) – “გამოძიების დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების თვითნებურ მოქმედებასთან დაკავშირებით და მკაცრ პასუხს მოითხოვს, რათა მსგავსი ქმედებები არ განმეორდეს”, – განაცხადა საგარეო სამეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ.
21 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების 120-მა ჯარისკაცმა, გენერალ პრიზემლინის ბრძანებით, სამშვიდობო ზონა დატოვა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სანგრებისა და სათვალთვალო კოშკების მშენებლობა დაიწყო. ეს ქმედებები ქართულ მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილა. გენერალი პრიზემლინი ამ ქმედებების მიზეზად ჯერ წვრთნებს ასახელებდა, შემდეგ კი გატაცებული ქართველი ოფიცრის ზურაბ დურგლიშვილის ძებნის ოპერაცია მოიმიზეზა.
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის შემდეგ სამშვიდობოები თავიანთი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ.
“დაუშვებელია, რომ სამშვიდობოებმა თავიანთი მოქმედების არეალი დატოვონ და ბანდიტების ძებნის არეალი თვითნებურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააფართოვონ”, – განაცხადა სიხარულიძემ.