
ლომინაძის მკვლელობის გამოძიებაში ამერიკული მხარეც ჩაერთო
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე ჩაერთო “ეს-ი-ეს თელასის” ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის გამოძიებაში.
ბიუროს თანამშრომელი მაიკლ დორესი უკვე შეხვდა თბილისის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და გამოძიების მსვლელობას გაეცნო. ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, ამერიკული მხარე გამოძიებაში ძირითადად საექსპერტო და კრიმინალისტურ სამუშაოებს შეასრულებს.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც ლომინაძის ოჯახის წევრებიც ეთანხმებიან, ნიკა ლომინაძის მკვლელობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან. როგორც დაღუპულის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ვაჟი მაფიოზურ კლანებს შეეწირა.
ნიკა ლომინაძის გვამი 14 აგვისტოს მისივე ბინაში აღმოაჩინეს თავის არეში მიყენებული ჭრილობით.