ახალი ამბები

შევარდნაძე რელიგიურ ძალადობას დაუშვებლად მიიჩნევს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 19 აგვისტო, 2002) – “ერთადერთი გამოსავალი რელიგიური ძალადობის აღსაკვეთად რელიგიის შესახებ კანონის მიღებაა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის ბრიფინგზე კასპში მომხდარი მოვლენების კომენტირებისას.

პრეზიდენტმა იეღოვას მოწმეების დარბევას დაუშვებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი უწოდა.

15 აგვისტოს გორში და კასპში იეღოვას მოწმეები დაარბიეს. კასპში ამ რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები სცემეს, დაწვეს მათი ლიტერატურა და დაარბიეს შენობა, სადაც მათი სამდღიანი კონგრესი უნდა ჩატარებულიყო.

მანამდე საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის საელჩომ განცხადებით მიმართა და მოუწოდა, რომ მიეღო ზომები, რათა არ დაეშვა თავდასხმა კონგრესის მონაწილეებზე.

იეღოვას სექტის მიმდევრები თავდასმების ორგანიზებაში დეპუტატ გურამ შარაძესა და გლდანის მართლმადიდებლური ეპარქიის მეთაურს, საქართველოს საპატრიარქოსგან განკვეთილ ბასილ მკალავიშვილს ადანაშაულებენ.

Back to top button