ახალი ამბები

იეღოველები კვლავ დაარბიეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 აგვისტო, 2002) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 15 აგვისტოს გორში თავს დაესხნენ იეღოვას მოწმეებს. სახლზე, სადაც იეღოვას სექტის მიმდევრები იყვნენ შეკრებილნი, სავარაუდოდ, თავდასხმა მკალავიშვილის მომხრეებმა განახორციელეს.

თავდამსხმელებმა სცემეს იეღოვას მოწმეები და დაწვეს მათი ლიტერატურა. იეღოვას მოწმეებზე 15 აგვისტოს ასევე განახორციელეს თავდასხმა კასპშიც, სადაც დღეს მათი სამდღიანი კონგრესი უნდა დაწყებულიყო. თავდამსხმელებმა დაწვეს იმ შენობის მოყწობილობა, სადაც კონგრესი უნდა ჩატარებულიყო.

ამჟამად კასპში იმყოფება პარლამენტის დეპუტატი გურამ შარაძე, რომელიც რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ თავისი გამოსვლებითაა ცნობილი. იეღოვას მოწმეები გურამ შარაძეს და გლდანის მართლმადიდებლური ეპარქიის მეთაურის ბასილ მკალავიშვილის მომხრეებს ამ თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან ამ თავდასხმების აღკვეთას. 2002 წლის 15 მაისს აშშ-ის კონგრესის 15-მა წევრმა პრეზიდენტ შევარდნაძეს წერილი გამოუგზავნეს, რომლითაც მას რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდეს.

29 ივლისს თავის რადიოინტერვიუში შევარდნაძემ აღიარა, რომ რიგ შემთხვევებში მთავრობას არ შეუძლია რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ თავდასხმების აღკვეთა. ასევე ხშირად აკრიტიკებენ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მათი უმოქმედობის გამო, ზოგ შემთხვევასი კი რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ თავდამსხმელთა დახმარების გამოც.

Back to top button