
რუსეთის პროტესტი ევროკავშირის განცხადებასთან დაკავშირებით
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 აგვისტო, 2002) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 აგვისტოს გაავრცელა განცხადება რომლითაც სინანული გამოთქვა დანიის მთავრობის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის სახელით გაკეთდა 12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი მოუწოდებს “ყველა მხარეს” გამოიჩინონ თავშეკავებულობა და დაიცვან საერთაშორისო ვალდებულებები რეგიონის ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე თავი შეიკავონ ყველა ქმედებისა და განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება სიტუაციის გამწვავება გამოიწვიონ. ევროკავშირის ეს განცხადება რუსეთ-საქართველოს საზღვართან საქართველოს საჰაერო სივრცის ხშირ დარღვევებს მოჰყვა.
“გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ განცხადების ავტორებმა დუმილი არჩიეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების მიზეზებთან დაკავშირებით, რაც ჩეჩენი ტერორისტების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ბაზებიდან განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებში გამოიხატება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, “გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და პანკისის ხეობაში ტერორისტთა ბუდეების ლიკვიდაციის თაობაზე”. “რუსეთი მზად არის საქართველოს საჭირო დახმარება აღმოუჩინოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.