ახალი ამბები

საქართველოს გაზგამანაწილებელი სისტემა იტერას გადაეცემა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 16 აგვისტო, 2002) – აქართველოს ხელისუფლება და რუსული ენერგოკომპანია “იტერა” მოლაპარაკებებს აწარმოებენ საქართველოში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის პრივატიზაციის თაობაზე. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება დასასრულს უახლოვდება.

წინასწარი ინფორმაციით, “იტერა” შეიძენს საქართველოში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ყველა სისტემას (აჭარის გარდა), მათ შორის საქართველოში უმსხვილეს კომპანია “თბილგაზსაც”, რომელიც დედაქალაქში ანაწილებს გაზს.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება აპირებს რუსეთის ენერგოგიგანტს გადასცეს საქართველოს უმსხვილესი ქიმიური ქარხანა “აზოტი”, რომელიც რუსთავში მდებარეობს. ეს ქარხანა “იტერას” მის წინაშე არსებული დავალიანებების ანგარიშში გადაეცემა.

საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა ამტკიცებენ, რომ ეს შეთანხმება ერთადერთი სწორი ნაბიჯია, იმ დროს როცა ოპოზიცია და ექსპერტების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილების გამო საქართველო მთლიანად რუსეთის ენერგოგიგანტზე დამოკიდებული ხდება, რაც გააძლიერებს რუსეთზე პოლიტიკურ დამოკიდებულებასაც.

მსგავსი/Related

Back to top button