ახალი ამბები

რუსულმა მხარემ თბილისიდან ჩეჩენთა ექსტრადიციისთვის დოკუმენტაცია მოამზადა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 14 აგვისტო, 2002) – რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჩეჩნეთის პროკურატურამ უკვე მოამზადა მთელი საჭირო დოკუმენტაცია ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 13 ჩეჩენის ექსტრადიციისთვის.

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსულ მხარეს დაკავებული ჩეჩნების გადაცემაზე უარი უთხრეს იმის გამო, რომ წარმოდგენილი არ იყო დოკუმენტაცია, რომელიც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ფედერალური ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ამ ჩეჩნების მონაწილეობას დაადასტურებდა.

ქართველმა მესაზღევრეებმა 13 შეიარაღებული ჩეჩენი 3-5 აგვისტოს დააკავეს. ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლომ ჩეჩნებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა გამოძიების დასრულებამდე, რომელიც საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ ამ ჩეჩენთათვის საზღვრის დარღვევისა და საზღვარზე იარაღის გადატანის თაობაზე წაყენებული ბრალდებების მიხედვით წარმოებს.

Back to top button