
შევარდნაძე ადასტურებს კოდორში აფხაზების შესვლის ფაქტს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 12 აგვისტო, 2002) – “სამწუხაროდ მართალია ცნობები იმის თაობაზე, აფხაზური მხარე საქართველოს მიერ კონტოლირებად ტერიტორიაზე შევიდა კოდორის ხეობაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 12 აგვისტოს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში.
მისი თქმით, ინცინდენტთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.
როგორც დღეს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, 100-მდე რუსი ჯარისკაცი და შეიარაღებული აფხაზი შევიდა ზემო კოდორის ტერიტორიაზე, რითაც ხეობის დემილიტარიზაციის თაობაზე მიღწეული შეთანხმებები დაარღვიეს.
12 აგვისტოს კვიციანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა კოდორში ქართული ვერტმფრენი დაცხრილეს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. კვიციანი თვითონ იმყოფებოდა ამ ვერტმფრენში. დაცხრილვისას არავინ დაშავებულა.