
ახალი ამბები
სასამართლომ რუსეთის 3 მოქალაქეს აღმკვეთი ღონისძიება არ შეუცვალა
9 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლომ უარი განაცხადა რუსეთის სამი მოქალაქისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე, რომელთაც წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ისინი ქართველმა სამართალდამცავებმა პანკისის ხეობაში დააკავეს საზღვრის დარღვევის გამო. დაკავებულებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მოწმობები აღმოუჩინეს. დაკავებულნი ამტკიცებდნენ, რომ ისინი ახმეტის რაიონის სოფელ დუისში “ჯიპის” მარკის ავტომანქანის შესაძენად ჩავიდნენ. დაკავებულებს არ აღმოაჩნდათ საქართველოში შემოსასვლელი ვიზები. საქართველოში რუსეთის კონსულის მოადგილემ იური ადამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე მზად იყო სასამართლოში თანხის შესატანად დაკავებულთა თავდებში გათავისუფლების მიზნით, მაგრამ სასამართლომ ეს წინადადება არ მიიღო.