ახალი ამბები

რუსეთი ზაიცევის მკვლელობის გამო პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 9 აგვისტო, 2002) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში რუსი ოფიცრის იგორ ზაიცევის მკვლელობის გამო პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა.

ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ოფიცრის, პოლკოვნიკ იგორ ზაიცევის გვამი 7 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში აღმოაჩინეს. ზაიცევი 27 ივლისიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაამახვილა ქართული მხარის ყურადრება იმაზე, რომ ზაიცევის გაუჩინარებას ადგილი ჰქონდა ბოევიკებისა და საერთაშორისო ტერორისტების მიერ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების ფონზე, რასაც ხმაურიანი ანტირუსული კამპანია მოჰყვა, რომელშიც ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ. ასეთმა ვითარებამ ხელები გაუხსნა დამნაშავე ელემენტებს, რომლებმაც რუსი ოფიცრის მხეცური მკვლელობა ჩაიდინეს. პასუხისმგებლობა ამ მკვლელობასთან დაკავშირებით მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება”, – ნათქვამია მალახოვის განცხადებაში.

8 აგვისტოს მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ზაიცევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებულის ვინაობასა და სხვა დეტალებზე საუბრისგან სამართალდამცავები თავს იკავებენ.

მსგავსი/Related

Back to top button