ახალი ამბები

რუსეთი დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციას უშედეგოდ მოითხოვს

13 ჩეჩენს თბილისში აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს
 
თბილისის უარმა გადასცეს მოსკოვს 13 დაკავებული ჩეჩენი, კიდევ უფრო დაძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. საქართველოს ხელისუფლების “არათანმიმდევრული პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში მოსკოვის შეშფოთებასა და გაკვირვებას იწვევს,” – განაცხადა 7 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა და იქვე დასძინა, რომ “ტერორიზმთან თამაში ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანს.”

საქართველოს უართან დაკავშირებით შეშფოთება რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორის გრიზლოვმაც გამოხატა. “დაკავებული ჩეჩნები სასწრაფოდ უნდა გადაეცეს რუსეთს. ამ პირებმა, მინიმუმ, ორჯერ დაარღვიეს რუსეთის კანონმდებლობა – მათ გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი და იყვნენ შეიარაღებული”, – აღნიშნა გრიზლოვმა.

13 ჩეჩენს, რომლებიც 3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა ჩეჩნეთის საზღვარის სიახლოვეს დააკავეს, საქართველოს უშიშროების სამინისტრომ საზღვრის უკანონო დარღვევისა და იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანის ბრალდებები წაუყენა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ ცამეტივეს უკვე შეუფარდა 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა.

7 აგვისტოს შედგა სასამართლო, რომელზეც 6 ჩეჩენისთვის აღმკვეთი ღონისძიების გამოტანის საკითხი განიხილებოდა. სასამართლო დარბაზში ექვსივე დაკავებული მინი-ავტობუსით მიიყვანეს. მათ უშიშროების სამინისტროს 4-5 შეიარაღებული თანამშრომელი იცავდა. ჩეჩნები საკუთარ სახეებს ვიდეოკამერებისგან გაზეთების მეშვეობით ფარავდნენ და ჟურნალისტების შეკითხვებსაც არ პასუხობდნენ. მათი ადვოკატების განცხადებით, ჩეჩნები თანახმანი არიან, საქართველოში სრული სიმკაცრით მოიხადონ სასჯელი, ოღონდ რუსეთის მართლმსაჯულების ხელში არ ჩავარდნენ.

ექსტრადიციაზე რუსეთის გენპროკურორის თბილისიდან უარით გასტუმრების მიზეზად ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ პატიმართა გადაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის არარსებობა დაასახელა.
 
“ქართული მხარე სწორად მოიქცა, როცა ექსტრადიციაზე უარი თქვა. რა ჩამოიტანა უსტინოვმა [რუსეთის გენპროკურორი]? – არაფერი. რუსეთს არცერთი დოკუმენტი იმისა, რომ დაკავებულ ჩეჩნებს რუსეთში დანაშაული აქვთ ჩადენილი, არ გააჩნია, შესაბამისად, ექსტრადიციაც არ უნდა განხორციელდეს,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დაკავებულთაგან ორის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ.

ადვოკატის თქმით, 13-მა ჩეჩენმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, ისინი ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს, ამიტომ ექსტრადიციის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ადვოკატის განცხადებით, რუსულ მხარეს მართლაც გაუჭირდება იმის დადასტურება რომ დაკავებული ჩეჩნები ფედერალური ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში იღებდნენ მონაწილეობას, რადგან, მართალია ცამეტივე დაკავებული თავის გვარსა და სახელს ამბობს, თუმცა მათ არანაირი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნიათ, ამიტომ მათი რეალური ვინაობის დადგენა უაღრესად რთული იქნება.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩნებს საქართველოში მფარველები გამოუჩნდენ, რადგან ადვოკატები სახაზინო წესით არ აუყვანიათ. “მე ვინ მიხდის ჩეჩნების დაცვისთვის, ამას ვერ გეტყვით, საიდუმლოა,” – არ გაამხილა ჩეჩნების მფარველის ვინაობა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ. თუმცა, სავარაუდოა, რომ დაკავებულ ჩეჩნებზე საქართველოში მოქმედი ე.წ. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წარმომადგენლობა ზრუნავს, რომლის დახურვასაც რუსეთის მხარე უკვე დიდი ხანია უშედეგოდ მოითხოვს.

გიორგი სეპაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button