
რუსეთი საქართველოს უარმა შეაშფოთა
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 8 აგვისტო, 2002) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაკავებულ ჩეჩენთა გადაცემაზე უარის თქმა ეჭვქვეშ აყენებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს ხელისუფლების განწყობას.
“თბილისის ასეთი არათანმიმდევრული პოზიცია გაკვირვებასა და შეშფოთებას იწვევს. კვლავ იბადება კითხვა – ნამდვილად აპირებენ თუ არა საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლას?” – განაცხადა ივანოვმა 7 აგვისტოს.
საქართველომ რუსეთს უარი უთხრა დაკავებული ჩეჩნების გადაცემაზე, რადგან, როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განაცხადა, რუსეთმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არ წარუდგინა შესაბამისი მასალები, რომლებიც დაკავებულთა ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შესაძლებელს გახდიდა.
“ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებით და სანახევრო ზომებით ამ პრობლემას ვერავინ გადაწყვეტს. ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, ყველანაირად დავეხმაროთ საქართველოს იმისათვის, რომ პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბუნაგს ბოლო მოეღოს”, – აღნიშნა ივანოვმა.