ახალი ამბები

დაკავებულ ჩეჩენთა მეორე ჯგუფს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 7 აგვისტო, 2002) – 7 აგვისტოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლომ 3-3 თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 5 აგვისტოს საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკავებულ 6 ჩეჩენს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიული წინააღდეგია მისი რუსეთის მხარისთვის გადაცემისა. ადვოკატის თქმით, დაკავებულმა მას განუცხადა, რომ ისინი ჩეჩნეთიდან გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, იარაღი საქართველოს ხელისუფლებას ჩააბარეს და სურთ, რომ ქართულმა მხარემ გაასამართლოს, ხოლო რუსეთს მათთან არაფერი ესაქმება.

ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ გუშინაც სამ-სამი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 3 აგვისტოს დაკავებულ 7 ჩეჩენს.

ჩეჩენთა ეს ორი ჯგუფი ქართველმა მესაზღვრეებმა 3-5 აგვისტოს დააკავეს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ დაკავებულებს საზღვრის უკანონო დარღვევისა და იარაღის უკანონოდ გადმოტანის ბრალდებები წაუყენა.

6 აგვისტოს ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უარით გაისტუმრეს რუსეთის გენერალური პროკურორი ვლადიმირ უსტინოვი, რომელიც დაკავებულ ჩეჩენთა ექსტრადიციის მოთხოვნით სპეცრეისით ჩამოფრინდა თბილისში. ქართულმა მხარემ წარმოდგენილი მასალები არასაკმარისად ჩათვალა დაკავებულთა რუსული მხარისთვის გადასაცემად.

მსგავსი/Related

Back to top button