ახალი ამბები

რუსეთის გენერალური პროკურორი თბილისში ჩამოვიდა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 აგვისტო, 2002) – რუსეთის გენერალური პროკურორი ვლადიმირ უსტინოვი თბილისში ჩამოვიდა, სადაც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკავებული შეიარაღებული ჩეჩნების შესაძლო ექსტრადიციის საკითხს განიხილავს.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 5 აგვისტოს უსტინოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არანაირი მიზეზი არ აქვს რუსეთს უარი უთხრას დაკავებულთა ექსტრადიციაზე.

“თუ დაკავებულთა შორის არიან დამნაშავენი და ტერორისტები, რუსულმა მხარემ შესაბამისი მასალები უნდა წარმოგვიდგინოს მათზე, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ეჭვმიტანილთა გადაცემა რუსეთისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 5 აგვისტოს.

შეიარაღებულ ჩეჩენთა ორი ჯგუფი 13 კაცის საერთო რაოდენობით საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე ქართველმა მესაზღვრეებმა 3-5 აგვისტოს დააკავეს. ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკავებულებს საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და იარაღის უკანონო გადატანის ბრალდებები წაუყენეს.

მსგავსი/Related

Back to top button