ახალი ამბები

პუტინის თქმით, საქართველო ტერორიზმთან ბრძოლაზე იწყებს ფიქრს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 აგვისტო, 2002) – შეიარაღებული ჩეჩნების დაკავება “იმის უტყუარი საბუთია, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობაზე იწყებს ფიქრს”, – განაცხადა 5 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

“ჩვენი დასკვნები იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზულია საქართველოს ხელისუფლების ზრახვები ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ სწრაფად აღმოჩნდებიან დამნაშავეები ლეფორტოვოს ციხეში”, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს დაკავებულთა ექსტრადიციის მოთხოვნით.

როგორც რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რუსეთის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ “ქართულ მხარეს ჩვენს მოთხოვნაზე უარის თქმის არანაირი უფლება არ აქვთ”.

მსგავსი/Related

Back to top button