ახალი ამბები

აშშ საქართველოს სუვერენიტეტს სადარაჯოზე

ბუშის ადმინისტრაცია საქართველო-რუსეთს შორის მოვლენების განვითარებას აკვირდება

საქართველოსა და რუსეთს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დიპლომატიურ ომს და ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია.

“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმდინარე პროცესებს. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ შეერთებული შტატები შეშფოთებით შეხვდება საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ყველა ფაქტს,” – ასეთი კომენტარი გაუკეთა 31 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიფ რიკერმა რუსეთის ვერტმფრენების მიერ საქარველოს საჰაერო სივრცის დარღვევასა და დაუსახლებელი ტერიტორიების დაბომბვას.

რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნებს პანკისში რუსული ჯარების შეყვანის თაობაზე, ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ “უმჯობესი იქნებოდა რომ პანკისის პრობლემა თავად საქართველოს ხელისუფლებას მოეგვარებინა.” Mმისი თქმით, ამერიკული მხარე ამ მიმართულებით მუშაობს, რაც “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის რეალიზაციაში გამოიხატება. “ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს შესაძლებლობების ზრდას, რათა მან უკეთესად დაიცვას საკუთარი ტერიტორიები და სუვერენიტეტი,” – დასძინა რიკერმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებებს წინ უსწრებდა რუსეთის დიპლომატიური წრეების უაღრესად გააქტიურება და პროპაგანდა, რომ საქართველო ტერორისტებს მფარველობს. ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა პანკისიდან ჩეჩნეთში ჩეჩენ მეომართა შეჭრის მზადების შესახებ. Aამის დასტურად რუსეთს ქართველი მწყემსისა და ტყვედ აყვანილი ორი ჩეჩენი მეომრის ჩვენებები მოჰყავს.

რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ტოცკიმ 31 ივლისს პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები ჩეჩენ მეომართა მოსალოდნელი შეჭრის შესახებ არა ოფიციალურმა თბილისმა, არამედ უბრალო ქართველმა მწყემსმა გააფრთხილა, რისთვისაც იგი რუსეთის პრეზიდენტმა “მამაცობისათვის” ორდენით დააჯილდოვა.

31 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა გამოიყენა შესაძლებლობა და საქართველო ტერორისტების მფარველობაში ბრუნეიში მიმდინარე ასეან-ის სამიტზე გამოსვლისას დაადანაშაულა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო თვითონ ახორციელებს აგრესიას რუსეთის მიმართ იმით, რომ ტერორისტებს რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალებას აძლევს.

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დიპლომატიური ომი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა შემდეგნაირად ახსნა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში: “ეს არის მცდელობა შექმნან დიპლომატიური საფარველი იმ აგრესიული ქმედებებისა, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვებითა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევით განახორციელა”.
 
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დიპლომატიურ ომს კიდევ ერთი სასაზღვრო ინციდენტი დაემთხვა. როგორც 31 ივლისს გახდა ცნობილი, კოდორის ხეობაში ადგილობრივმა ქართველმა მოსახლეობამ აღმოაჩინა კარგად შეიარაღებული 30-მდე რუსი მესაღვრე.

კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის განცხადებით, რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორია მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც მათთან მოლაპარაკება თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ გამართა. რუსი მესაზღვრეების კოდორში გამოჩენის რეალური მიზანი უცნობი დარჩა, თუმცა როგორც თავად განაცხადეს მათ, ისინი ხეობაში შემთხვევით მოხვდნენ.

უკანასკნელი სამი-ოთხი დღის განმავლობაში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ეს უკვე მესამე აგრესიული აქტი იყო. ამის პარალელურად, სულ უფრო კატეგორიული ხდება მოსკოვის მხრიდან საქართველოს მიმართ მოთხოვნა პანკისში რუსეთის ჯარის შეყვანის თაობაზე. რომ არა აშშ-ის მკაცრი პოზიცია ამ საკითხთთან დაკავშირებით, საეჭვოა, რომ თბილისს შეძლებოდა წინაღმდეგობის გაწევა მოსკოვის ამ სურვილსისათვის და საქართველო კიდევ ერთ სისხლიან კონფლიქტში აღმოჩნდებოდა ჩართული.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button