ახალი ამბები

აშშ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფით არის შეშფოთებული

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 1 აგვისტო, 2002) – “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მიმდინარე სიტუაციას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს საქართველოს სუვერენიტეტის ნებისმიერი სახით ხელყოფა”, განაცხადა ფილიპ რეეკერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მოადგილემ 31 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა 29-30 ივლისს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შესახებ, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა აგრესია უწოდა.

“ამ თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება კონფლიქტის მოგვარება და ჩვენ მოვუწოდებთ რუსულ და ჩეჩნურ მხარეებს, რათა ამგვარი გამოსავალი ეძიონ. ჩვენ რეგულარული კავშირი გვაქვს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებთან, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთთლიანობის მიმართ. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ რუსეთსა და საქართველოს შორის სტაბილურ და კონსტრუქციულ ურთიერთობებს”, განაცხადა ფილიპ რეეკერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, “უმჯობესია, რომ პანკისის ხეობის პრობლემა საქართველოს მთავრობამ მოაგვაროს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად მათი საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ ვახორციელებთ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას, რათა საქართველოს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში დავეხმაროთ საზღვრის დაცვის გაუმჯობესებისა და ანტიტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად”, დასძინა მან.

ფილიპ რეეკერის განცხადებით, ამერიკა ხელს უწყობს რუსეთსა და საქრთველოს შორის თანამშრომლობის განვითარებას ანტიტერორისტული კამპანიის მსვლელობისას.

მსგავსი/Related

Back to top button