ახალი ამბები

ეუთო იარაღის სანაცვლოდ წყალგაყვანალობას შეაკეთებს

(თბილისი, 18 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ეუთო-ს მისია საქართველოში 30 კილომეტრიანი წყალგაყვანილობის შესაკეთებლად სამუშაოების დეწყებას აპირებს, – იუწყება ეუთო-ს პრესსამსახური. წყალგაყვანილობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართულ და ოსურ სოფლებზე გაივლის.

ამ საკითხზე მემორანდუმს 17 აპრილს ცხინვალში ხელი მოაწერეს ეუთო-ს მისიამ საქართველოში, პროექტის ფინანსურმა მხარდამჭერმა – დიდი ბრიტანეთის საელჩომ, ქართული და ოსური დასახლებების წარმომადგენლებმა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა ერთიანი სამშვიდობო ძალების სარდალმა.

პროექტი ეუთო-ს მისიისა და სამშვიდობო ძალების სარდლობის ერთიანი პროგრამის ნაწილია, რომელიც რეგიონში იარაღის ამოღებას ითვალისწინებს.

“პროექტის მიზანი სამშვიდობო ძალებისთვის ჩაბარებული იარაღის სანაცვლოდ რეგიონში ძირითადი საყოფაცხოვრებო მომსახურების მოწესრიგებაა”, – განაცხადა საქართველოში ეუთო-ს მისიის თავმჯდომარის მოადგილემ ივარ ვიკიმ.

2002 წლის დასაწყისში მისიამ ცხინვალის სკოლებს კომპიუტერები გადასცა იმ 36 ყუმბარის სანაცვლოდ, რომელიც მოსწავლეების მშობლებმა სამშვიდობოებს გადასცეს.

მსგავსი/Related

Back to top button