ახალი ამბები

ქართულ-რუსული მხარეები ჩარჩო-ხელშეკრულების განხილვას განაგრძობენ

(თბილისი, 18 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ქართველი და რუსი ექსპერტები დღეს თბილისში შეხვედრას გამართავენ, – იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ექსპერტები ხელშეკრულების პოლიტიკურ ასპექტებზე იმსჯელებენ. მარტში მხარეები უკვე შეთანხმდნენ ჩარჩო-ხელშეკრულების ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ასპექტებზე.

ქართულ და რუსულ მხარეებს შორის გამართული ბოლო მოლაპარაკებები 12 აპრილს კოდორში მომხდარი მოვლენების გამო გადაიდო, როდესაც რუსეთის სამშვიდობო ძალები ხეობაში თვითნებურად განლაგდნენ.

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ჯერ კიდევ 1994 წლის 3 ნოემბერს მოაწერეს ხელი ჩარჩო-ხელშეკრულებას მეგობრობის, მშვიდობიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ, თუმცა მაშინ რუსეთის სათათბირომ დოკუმენტის რატიფიკაციაზე უარი განაცხადა.

მსგავსი/Related

Back to top button