skip to content
ახალი ამბები

ადამიანის უფლებებს ყველაზე ხშირად პოლიცია არღვევს

სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებათა დამცავი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ რიგითი მოქალაქეების უფლებები ყველზე მეტად მაშინ ირღვევა, როდესაც მათ პოლიციასთან აქვთ შეხება.

ადამიანის უფლებათა დარღვევის მხრივ განსაკუთრებით არასახარბიელო ვითარებაა წინასწარი დაკავების საკნებში. გამჭვირვალობის არარსებობის გამო წინასწარი დაკავების საკნებში ხშირად ხდება დაკავებულის ცემა, წამება და ძალით მოპოვებული ჩვენებების მის წინააღმდეგ გამოყენება.

კანონის თანახმად, წინასწარი დაკავების საკნების მონახულების უფლება, მხოლოდ ორ პიროვნებას – ქვეყნის პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს გააჩნია. ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კანონის შეცვლას უჭერენ მხარს.

ძალოვან სტრუქტურებში ერთგვარ ბიზნესად იქცა უდანაშაულო მოქალაქეთა პოლიციის განყოფილებაში მიყვნა, მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში დადანაშაულება და შემდეგ ფულის გამოძალვა, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანთა უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე. მაგალითად, ქალაქ რუსთავის მცხოვრები თამაზ დევსურაძე 9 თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა იმის გამო, რომ მას პოლიციელებმა შარვლის ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს და შემდეგ ნარკოტიკის შეძენაში დაადანაშაულეს.

დაპატიმრებული პირი წინასწარი დაკავების საკანში არაუმეტეს 72 საათისა უნდა იმყოფებოდეს. ამ დროის მანძილზე დაკავებულის წინააღმდეგ სასამართლოში უნდა აღიძრას საქმე. სასამართლოში საქმის აღძვრისათვის კი საჭიროა არსებობდეს მამხილებელი მასალები, რომელთა მოპოვებაც, ხშირ შემთხვევაში, სწორედ წინასწარი დაკავების საკნებში ცემისა და წამების საშაულებით მიმდინარეობს. საქმე იმაშია, რომ ძალადობით მოპოვებული მამხილებელი საბუთები სასამართლოშიც არ ხვდება, რადგანაც მათ პოლიცია დაკავებულისაგან ფულის გამოძალვისთვის იყენებს.

2001 წლის პირველ ნახევარში წინასწარი დაკავების საკნებიდან 191 პატიმარი საპყრობილეში დაგვიანებით გადაიყვანეს. ამ მხრივ ყველაზე სერიოზული დარღვევები (56 შემთხვევა) თბილისში დაფიქსირდა. გარდა ამისა, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საპყრობილეში 30 ადამიანი მოათავსეს. ხშირად დაკავებულთა საპყრობილეში გადაყვანა თვეებითაც კი გვიანდება.

“აღნიშნული დარღვევების შესწავლა და ანალიზი იძლევა საფუძველს, გაკეთდეს დასკვნა, რომ პატიმართა უკანონოდ, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე წინასწარი დაკავების საკნებში მოთავსება, გამოწვეული არის მათგან ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის შედეგად სასურველი ჩვენებების გამოძალვით, რითაც უხეშად ირღვევა მათთვის კანონით მინიჭებული უფლებები”, ასკვნის სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც 2001 წლის პირველ ნახევარს მიმოიხილავს.

ომბუდსმენის მიერ გენერალური პროკურატურისადმი ამ საკითხთან დაკავშირებით გაგზავნილი რეკომენდაციები დღემდე გაუთვალისწინებულია. ასევე ხშირად გაუთვალისწინებელი რჩება ადამიანის უფლებათა დამცავი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო სტრუქტურებისადმი გაგზავნილი რეკომენდაციები და კანონპროექტები.

ევროსაბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, წინასწარ დაკავებულ პირს უფრო მეტი შეხება უნდა ჰქონდეს გარესამყაროსთან, უფრო თავისუფლად უნდა შეეძლოს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან და იმ პირებთან შეხვედრა, რომლებიც გამოძიებას ხელს არ უშლიან. საქართველოს ხელისუფლებას ეს რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია და წინასწარი პატიმრობის საკნები დახურული დატოვა.

ამავე დროს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ერთ დადებით ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი ინფორმაციით, წინასწარი დაკავების საკნებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები და საჩივრები ბოლო დროს შემცირდა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ეს პრობლემა გამოსწორების გზაზეა. თევდორაძის აზრით, ამ საკითხში დადებითი ძვრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის დამსახურებაა. მისი თქმით, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი კახა ბაკურაძე ხშირად ხელს უწყობს მესამე სექტორს მოინახულოს წინასწარი დაკავების საკნები, თუმცა პროვინციებში ამის მიღწევა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ნანა კაკაბაძის თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებათა დასაცავად არ არსებობს სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა. იგი წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება ხშირად ყურადღების გარეშე ტოვებს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. თუმცა საკითხავია, რამდენად უზრუნველყოფს სრულყოფილი კანონმდებლობა წინასწარი დაკავების საკნებში ადამიანის უფლებების სრულ დაცვას, მაშინ, როდესაც სამართალდამცავები არსებულ კანონებსაც კი ხშირად არაფრად აგდებენ. 

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

Back to top button