
ჟურნალისტებს გამოძიების სისწორეში ეჭვი ეპარებათ
“რეზონანსი” (ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 06.12.01.) – შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მან დააკავა ტელეჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ჟურნალისტი 26 ივლისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვნეს. ამოღებულია ჟურნალისტის ბინის გასაღები, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, გილზა და იარაღი, რომლითაც სავარაუდოდ მკვლელობაა ჩადენილი. იარაღი რეგისტრირებულია. დაკავებული გრიგოლ ხურცილავა შარშან ზაფხულამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა. “რეზონანსს” უკვირს, თუ რატომ არ ჩამოერთვა ხურცილავას იარაღი, მას შემდეგ რაც მან შეწყვიტა სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობა. “თუკი შს მინისტრ კობა ნარჩემაშვილისთვის რამდენიმე დრით ადრე ცნობილი იყო, რომ გამოძიებას ინფორმაცია ჰქონდა ტაბელური იარაღით აღჭურვილ ხურცილავაზე, საინტერესოა, როგორ დააწინაურა საკუთრების დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დავით თოდუა თავისი მოადგილის თანამდებობაზე”, კითხულობს გაზეთი. მას მიაჩნია, რომ თუ გიორგი სანაია მართლაც პოლიციელის ტყვიით იქნა მოკლული, ამის გამო დავით თოდუამ პასუხი უნდა აგოს. “რეზონანსს”, ისევე როგორც სხვა ქართულ გაზეთებს, ეჭვი ეპარება გამოძიების სისწორეში და აინტერესებს, თუ რატომ უნდა შეენახა ხურცილავას გილზა, გასაღები და იარაღი. გაზეთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ძირითადად ორ ვერსიას ავითარებს: “ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულ გრიგოლ ხურცილავას საკმაოდ დიდი ვალი ჰქონდა და მკვლელობა სწორედ ამიტომ ჩაიდინა. მეორე ვერსიით, მას ვალი მართლაც ჰქონდა, მაგრამ შანაია კი არ მოუკლავს, უბრალოდ ვალების გასასტუმრებლად მისი მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო”. იქიდან გამომდინარე, რომ ხურცილავას საკმაოდ ახლო კონტაქტები ჰქონდა პარლამენტის წევრებთან, ახლოს იყო შს და უშიშროების სამინისტროებთან, შესაძლოა, მკვლელობა შეკვეთილიც ყოფილიყო, ვარაუდობს გაზეთი. მას მიაჩნია, რომ, თუ ეჭვმიტანილი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს, მას ბევრი დაუჯერებს, ვინაიდან საქართველოში პოლიციასა და პროკურატურას სახელი ძალიან აქვს გატეხილი.