Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა საზოგადოების იმედები საბოლოოდ ვერ გაამართლა

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 06.12.01.) – ნოემბრის სახალხო გამოსვლები სახელისუფლებო ძალებმა პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოიყენეს. რეალური ცვლილებების ნაცვლად ქვეყანას ისევ ის მთავრობა და პარლამენტი ჰყავს, რომლის შეცვლასაც რუსთაველის გამზირზე შეგროვილი ხალხი ითხოვდა, წერს “რეზონანსი”. მისი აზრით, პარლამენტმა საზოგადოებას საბოლოოდ გაუცრუა იმედები.

ძველი მინისტრების ხელახლა დამტკიცების შემდეგ ქვეყანაში განმტკიცდა შეხედულება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა ნაკლებად ადარდებთ და თავს არ იკლავენ იმაზე ფიქრით, როგორ გამოიყვანონ ჩიხიდან სახელმწიფო, წერს “დილის გაზეთი”.

შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით ჩნდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სტაბილურობისათვის აუცილებელია, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ბოლომდე იყოს მიყვანილი. თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარება მაინც დადგა დღის წესრიგში, ნინო ბურჯანაძის აზრით, ეს არ უნდა მოხდეს დღეს მოქმედი საარჩევნო კანონის საფუძველზე. 

პარლამენტის თავმჯდომარე უკმაყოფილოა დეპუტატების მიერ ძველი მინისტრების დამტკიცების გამო, თუმცა იმედი აქვს, რომ პარლამენტი მალე განიხილავს მინისტრთა კაბინეტის საკითხს და ახლად დამტკიცებული მთავრობა მხოლოდ მცირე ხნით იარსებებს (მინისტრთა კაბინეტის შემოღებამდე). “რეზონანსი”, მეორეს მხრივ, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა უკანასკნელი პირობაც დაარღვიოს და მინისტრთა კაბინეტის თემა საერთოდ დაივიწყოს, ხოლო პარლამენტს მისთვის სასურველი, სუსტი ფიგურა დაამტკიცებინოს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე.

სახელისუფლებო გარიგებების შედეგად ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციის პირასაა. საზოგადოება კვლავ საპროტესტო აქციებს მართავს. “დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ გაუთავებელი საპროტესტო აქციები, რომლებშიც ძირითად სტუდენტობა მონაწილეობს, ქართული საზოგადოების შერყეულ ზნეობას დიდ საფრთხეს უქმნის.

მსგავსი/Related

Back to top button