ახალი ამბები

პარლამენტმა შევარდნაძის “არჩევანი” კიდევ ერთხელ სცნო

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. 05.12.01. “სივილ ჯორჯია”) – თავიდანვე ნათელი იყო რომ, “სამთავრობო კრიზისი” უფრო მეტად გაღრმავდებოდა, წერს “დილის გაზეთი”. პარლამენტის გუშინდელი სხდომა, რომელზედაც დეპუტატებმა მინისტრობის 7 კანდიდატი დაამტკიცეს, ამის ნათელი დასტურია. ეს ფაქტი აშკარას ხდის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ერთადერთი ადამიანია, რომელიც გავლენას ინარჩუნებს პარლამენტსა და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე.

“მან გუშინ თავისი მაინც გაიტანა და უმრავლესობადაშლილ პარლამენტს თითქმის ყველა სამინისტროს სათავეში მის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა დაამტკიცებინა”, წერს გაზეთი. 

დღესდღეობით ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პარალმენტმა არ დაამტკიცა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატი ნინო ჩხობაძეა. საკანონმდებლო ორგანომ ძველი მთავრობის რეანიმაცია მოახდინა და “ყოველგვარი მორცხვობის გარეშე, ცნო შევარდნაძის ბოლო “არჩევანი”, წერს “დილის გაზეთი”.

გაზეთი აშკარად უარყოფითად არის განწყობილი პრეზიდენტის მიმართ და წერს: “პრეზიდენტმა, ბავშვების არ იყოს, შეიძლება არ იცის, რა არგებს, მაგრამ ზუსტად იცის, რა უყვარს, ამ შემთხვევაში კი ის, რაც მას უყვარს, ერთი სიტყვით ფორმულირდება – მ-ა-რ-ა-ზ-მ-ი!”

გაზეთი ვარაუდობს, რომ სახელმწიფო მინისტრს, რომლის კანდიდატურაც ჯერ უცნობია, პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით შეარჩევს.

“რეზონანსის” მიხედვით, მინისტრების ხმაურიანი დამტკიცების შემდეგ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანის გუნდის წევრი პარლამენტარები ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. 

მსგავსი/Related

Back to top button