ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი – პრეზიდენტის მორიგი მარიონეტი?

“ალია”, “რეზონანსი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. 04.12.01. “სივილ ჯორჯია”) – დღეს დეპუტატები მთავრობის იმ ძველ შემადგენლობას ამტკიცებენ, რომლის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნის გამოც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას აკრიტიკებდნენ, წერს “ალია”.

“ერთხელ ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ ექსკლუზიურ აღმოჩენასაც კი გვაზიარა: ყველაფერში დამნაშავე ჟვანია არისო”, წერს “ალია” და დასძენს, ვნახოთ, რა შეიცვლება ახლა, როდესაც პარლამენტი იგივე კანდიდატურებს უჭერს მხარს და განსაკუთრებული თავგამოდებით მათ ამტკიცებს, ვისაც ჟვანია და მისი გუნდი ეწინააღმდეგებაო.

მინისტრობის ყველა კანდიდატი დასახელებულია, ზოგიც უკვე დამტკიცებული, გარდა სახელმწიფო მინისტრისა. “ალიას” მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა შეიძლება ყველა დანარჩენი მინისტრის დამტკიცების შემდეგ დაასახელოს.

“რეზონანსის” ცნობით, პრეზიდენტმა სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურის დასასახელებლად ერთკვირიანი ვადა ითხოვა. თუმცა პარლამენტში უკვე საუბრობენ რამდენიმე სავარაუდო კანდიდატურაზე. მათ შორის, გაზეთის მიხედვით, ყველაზე რეალური სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური თვითმმართველობის სამსახურის უფროსი ბადრი ხატიძეა. მის მიმართ პარლამენტართა დიდი ნაწილი დადებითად არის განწყობილი.

გარდა ამისა, საკანონმდეგლო ორგანოში ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პრეზიდენტი ბადრი ხატიძეს ჟვანიას გუნდის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. მომავალი სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ხომ რეგიონალური პოლიტიკის კურატორია და საქართველოს რეგიონებშიც სერიოზული გავლენა აქვს.

რეფორმატორთა გუნდის წამომადგენელი კაობა დავითაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის შემოღებაზე აღარც კი იფიქროს და სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მისთვის ადვილად სამართავი კანდიდატურის დასახელების შემდეგ მას უფლებებიც კი გაუზარდოს.

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერს დავით გამყრელიძეს კი მიაჩნია, რომ პარლამენტს ჯერ სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურა უნდა დაემტკიცებინა და მხოლოდ ამის შემდეგ დაეკომპლექტებინა აღმასრულებელი მთავრობა. 

მსგავსი/Related

Back to top button