ახალი ამბები

საპარლამენტო ფრაქცია “ტრადიციონალისტის” პოზიცია

ინტერვიუ ფრაქციის წევრ მაია ნადირაძესთან

ფრაქცია “ტრადიციონალისტის” წევრი მაია ნადირაძე მისი გუნდის პოლიტიკასა და მლიანად პარლამენტში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. “ჩვენი ფრაქცია ატარებს წმინდა მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკას, რომლის ძირითადი პრინციპებია მიწაზე საკუთრება, თავისუფალი ბაზარი, ინდივიდუალურობის განვითარება და დასავლეთთან ურთიერთობაზე აქცენტის გაკეთება”, აცხადებს იგი.

ფრაქციის თანამოაზრეებზე მაია ნადირაძე გულახდილად საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ტრადიციონალისტების” თანამოაზრეებად “მოქალაქეთა კავშირის” გარკვეული ნაწილი, და “მრეწველები” ითვლებიან. მისი თქმით, “ახალ აფხაზეთშიც” არიან ადამიანები, რომლებიც ფრაქცია “ტრადიციონალისტის” იდეოლოგიასთან ძალიან ახლოს დგანან.

ქალბატონი მაია საკმაოდ კრიტიკულია ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” მიმართ. მისი აზრით, “ახლები” მემარჯვენეობას და ოპოზიციონერობას მხოლოდ იბრალებენ, ვინაიდან მათი ფარული პოლიტიკური ორიენტირი საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა. “პარტია ვერ იქნება ოპოზიციონერი, თუ ის პრეზიდენტის, ხელისუფლების პოლიტიკას ატარებს. მათი ოპოზიციონერობა გამოიხატება იმაში, რომ მათთვის არასასურველ, ოპონენტ ჯგუფებს ებრძვიან”, დასძენს ფრაქცია “ტრადიციონალისტის” წევრი. 

პარლამენტისა და მთავრობის ურთერთობებში არსებულ პრობლემებზე საუბრისას  ქალბატონი მაია აღნიშნავს: “ჩვენი სურვილია, იყოს უფრო კონტროლირებადი მთავრობა, კარგი თვალსაზრისით, ანუ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავის მოქმედებებზე. პარლამენტის გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი მთავრობის მიერ.”

იგი მიიჩნავს, რომ პარლამენტი აუცილებელად უნდა იყოს დაკავებული იმ სახის საკანონმდებლო საქმიანობით, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან საჭიროა. პრეზიდენტზე საუბრისას კი პარლამენტარი შენიშნავს, რომ პრეზიდენტს უნდა შეუმცირდეს თავისი გავლენის სფერო; იგი არ უნდა ექცეოდეს მთავრობის წევრებს და მთლიანად საზოგადოებას ისე, თითქოს ისინი თოჯინები იყვნენ.

ყოფილი მმართველი პარტიის “მოქალაქეთა კავშირის” დაშლის ფაქტს და დღევანდელ პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ პერიპეტიებს მაია ნადირაძე შემდეგნაირად აფასებს: “შეიძლება გაერთიანდე ერთი მონოლითური პარტიის დასაშლელად. უნდა დაანგრიო, რომ ააშენო ახალი. როდესაც მახინჯ შენობას დაანგრევ, არ შეიძლება მისი სიმახინჯის გამო ცალკეულ ქვებს ედავო. ეს ქვები შეიძლება გამოიყენო სულ სხვა შენობის ასაშენებლად. აბსურდია განუწყვეტლივ აკრიტიკო თითოეული ქვა იმიტომ, რომ ის მახინჯი შენობის ნაწილი იყო”.

მაია ნადირაძის მოსაზრებით, მისი ფრაქცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალ ახალ მშენებლობაში და მასში ის ქვებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ადრე ზემოთხსენებული მახინჯი შენობის ნაწილი იყვნენ.

“დამოკიდებულება ნებისმიერი სიტუაციის მიმართ არის რთული მათემატიკური ფორმულისადმი მიდგომის მსგავსი. იმისთვის რომ ფორმულა ამოხსნა, ის უნდა გაშალო. ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. ამ მოსაზრებას ამ ფაქტით დავადასტურებ: ჩვენ გვყავდა შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომელმაც შექმნა კორუფციის ტრადიცია, ააყვავა კონტრაბანდა. ახლა ის აღარ გვყავს. ჩვენ ასევე გვყავდა მონილითური პარტია “მოქალაქეთა კავშირი”, რომელიც იყო ყველა უბედურების მიზეზი და ის აღარ არსებობს. და ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარე არის ქალი. სწორედ ეს სამი მოვლენა იყო ნაწილი რთული მათემატიკური განტოლებისა”, ამბობს ფრაქცია “ტრადიციონალისტის” წევრი მაია ნადირაძე და მიაჩნია, რომ ფორმულა ჯერ კიდევ ამოსახსნელია.

პარლამენტარის აზრით, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა აღარ ჩამოყალიბდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ ფრაქცია “ტრადიციონალისტს” და მის თანამოაზრე საპარლამენტო ძალებს საკანონმდებლო ორგანოში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების შანსი გააჩნიათ.

მსგავსი/Related

Back to top button