
შევარდნაძეს რეალურ პოლიტიკოსად უკვე აღარ აღიქვამენ
“რეზონანსი” (ქართული პრესის მიმოხილვა. 29.11.01. “სივილ ჯორჯია”) – დღეს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში დ.ს.თ.-ს ქვეყნების სამიტზე მიემგზავრება. დღევანდელი პრესის აზრით, ამ სამიტს დიდი მნიშვნელობა აქვს ორი დღის წინ საქართველოს ტერიტორიის რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბვის ფონზე. “რეზონანსს” მიაჩნია, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტა ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად პრინციპული იქნება სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი. “წინასწარ ძნელი სათქმელია, პუტინი უკეთ შეუტევს შევარდნაძეს, თუ შევარდნაძე პუტინს, მაგრამ ფაქტია, რომ სასაყვედურო და გასაჯავრებელი ორივე ქვეყნის ლიდერს ერთმანეთის მიმართ აშკარად აქვს”, წერს “რეზონანსი”. გაზეთს მიაჩნია, რომ შევარდნაძე სამიტზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მას რუსეთში დიდ პოლიტიკოსად უკვე აღარ აღიქვამენ. შევარდნაძემ დისკრედიტაცია გაუკეთა საკუთარ სახელს, როდესაც რუსლან გილაევი, რუსი სამართალდამცავების მიერ ძებნილი ჩეჩენი საველე მეთაური, განათლებულ და ინტელექტუალურ ადამიანად გამოაცხადა. “რეზონანსი” ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტისადმი დასავლეთის მედიაც სულ უფრო კრიტიკული ხდება. უფრო ხშირად გაისმის მისი სახელი ქართულ კლანებთან და კორუფციასთან კავშირში. ექსპერტების ვარაუდით, დასავლეთი უკვე რეალურად ფიქრობს შევარდნაძის ახალი ფიგურით ჩანაცვლებაზე. შევარდნაძის რეიტინგი საქართველოშიც ძალიან დაბალია. “რეზონანსი” პირდაპირ აცხადებს, რომ შევარდნაძემ საკუთარი საერთშორისო ავტორიტეტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის მშენებლობისთვის უნდა მოეხმარა, ათიოდ ნათესავისა და მეგობრის გამდიდრებას გადააყოლა. გაზეთი მსოფლიოში შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს. ეს არის დრო, როდესაც დასრულდა ცივი ომი რუსეთსა და ამერიკას შორის. მათ საერთო ინტერესები გაუჩნდათ და მათ შორის ახალი სახის ურთიერთობები გამოიკვეთა. “ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კარიერა, რომელიც სწორედ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაზე აღმოცენდა, შესაძლოა, დასრულედეს, თუკი ის ახალ პოლიტიკურ რეალობას ალღოს ვერ აუღებს”, მიაჩნია გაზეთს.