
პარლამენტი ერთი თვის წინანდელ პათოსს ივიწყებს
“რეზონანსი”, “ახალი თაობა” (ქართული პრესის მიმოხილვა. 26.11.01. “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტი მინისტრთა კანდიდატურებს ამტკიცებს. ჯერჯერობით, ერთადერთი კანდიდატი, რომელიც მან ჩააგდო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძეა. “დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოსახლეობისადმი გამოხატული მხარდაჭერა დეპუტატებს ავიწყდებათ. მაშინდელი პათოსი ჩაცხრა და დეპუტატები ისევ პრეზიდენტის დაკრულზე ცეკვავენ”, წერს “რეზონანსი”. “დაყავი და იბატონე!” – ამ პრინციპით მოქმედ შევარდნაძეს მისთვის სასურველი კანდიდატები გაჰყვას. დაქსაქსული დეპუტატები კი ამაში ხელს კარგად უწყობენ”, წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ პარლამენტი კვლავ კარგავს ხალხის ნდობას. ხშირად დეპუტატები მინისტრობის ამა თუ იმ კანდიდატს ერთმანეთის ჯიბრზე აძლევენ ხმას. მაგალითად, აღორძინება აცხადებს, რომ იმ კანდიდატს, რომელსაც “მოქალაქეთა კავშირი” მოიწონებს, ხმას არ მისცემენ, ხოლო რომელსაც დაიწუნებენ – მხარს დაუჭერენ, აღნიშნავს “რეზონანსთან” საუბრისას დეპუტატი კობა დავითაშვილი. “პარლამენტი ვერ ხვდება, რომ რევოლუცია მწიფდება და ის ხავერდოვანი აღარ იქნება”, ამბობს იგი. “ახალი თაობა” გარკვეულწილად იზიარებს “რეზონანსის” მოსაზრებას პარლამენტის არაეფექტური მუშაობის შესახებ. მისი განცხადებით, პარლამენტში ქვეყნის პრობლემატიკით ნამდვილად არ არიან დაკავებულნი. აქ უფრო მეტად სამინისტრო პორთფელებისა და საპარლამენტო სავარძლების ხელში ჩაგდებაზე ფიქრობენ. “პარლამენტი ქარვასლად გადაიქცა, სადაც პოლიტიკური აღებ-მიცემობაა გამართული”, წერს გაზეთი. “ახალი თაობა” დარწმუნებულია, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას პარლამენტში მართვის სადავეები ეცლება. ამას ადასტურებს ძველი მინისტრების ახალ მთავრობაში დამტკიცება. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ახალი უმრავლესობა ყალიბდება, რომელიც ჟვანიას გუნდს ოპოზიციაში მოაქცევს.