ახალი ამბები

“ეი-ი-ეს თელასი” ენერგოსისტემაზე კონტროლს ითხოვს

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. 20.11.01. “სივილ ჯორჯია”) – “თბისისის ენერგოსისტემის ხარვეზები ზამთრის პირმა გამოააშკარავა. არადა, ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისისთვის ენერგეტიკოსთა გარკვეული ჯგუფი სიამაყით გვიყვებოდა ზღაპრებს წყლის დონის შენარჩუნებისა და მაზუთით სავსე რეზერვუარებზე”, წერს “დილის გაზეთი”. პერიოდულად ელექტორენერგიის გარეშე უკვე რჩებიან თბილისის ცალკეული გარეუბნები. უკვე მეოთხე დღეა რაც გადაუხდელობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს.

“ეი-ი-ეს თელასი” 24-საათიან მომარაგებას ენერგოსისტემაში არსებული დაბალი სიხშირეების მიზეზით ვერ ახერხებს. “ქვეყნის ენერგოსისტემა ვერ იჭერს ელექტროენერგიის პარამეტრებს. იგი რუსეთის ენერგოსისტემასთან პარალელში უნდა ამოქმედდეს. მაშინ სიხშირეები გასწორდება და ელექტროენერგია მხოლოდ არგადამხდელებს გაეთიშება”, განუცხადა “რეზონანსს” საქართველოს ენერგომარეგულირებელი კომისიის წევრმა პაატა ცინცაძემ.

ამერიკული ინვესტორი კომპანია თბილისის 24-საათიანი ენერგომომარაგებისთვის გარანტიებს ითხოვს. საუბარია გარკვეულ კონტროლზე ენერგოსისტემის მუშაობაზე, რათა ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობამ ენერგოკომპანიამდე მოაღწიოს. ამის შემდეგ კამპანია უწყვეტ ელექტროენერგიას მხოლოდ მოხმარებული ელექტროენერგიის 100-პროცენტიანი გადამხდელები მიიღებენ, სხვებს კი, შესაბამისად, მიწოდება შეუწყდებათ.

მაშინ როდესაც “რეზონანსი” საკმაოდ მშრალად აღწერს საქართველოს ენერგოსისტემას, “დილის გაზეთი” აშკარად აკრიტიკებს ამერიკულ ინვესტორ კომპანიას და წერს: “მართალი გითხრათ, ეს ღონისძიება (საუბარია გადამხდელებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტი გრაფიკით მიწოდებაზე) “ეი-ი-ეს თელასს” აქამდეც უნდა განეხორციელებინა. სწორედ ამიტონ ეეჭვება მოსახლეობას დანაპირები”.

Back to top button