ახალი ამბები

მინისტრობის კანდიდატთა შორის მხოლოდ ოთხია ახალი

 “რეზონანსი”, “დილის გაზეთი”

(ქართული პრესის მიმოხლვა. “სივილ ჯორჯია”. 16.11.01) – გუშინ საღამოს, საკონსტიტუციო ვადის ამოწურვამდე ოთხი საათით ადრე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ მინისტრთა კანდიდატურების საბოლოო სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა. დასახელებული კანდიდატურები უმაღლესმა საკანონმდებო ორგანომ მომავალ სასესიო კვირაში უნდა დაამტკიცოს.

“გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვს, რომ შევარდნაძემ რეფორმების მომლოდინე საზოგადოებას ისევ გაუცრუა იმედები”, წერს “რეზონანსი”. ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებით აშკარად უკმაყოფილოა და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ახალი მთავრობის წევრთა ძველ შემადგენლობას შორის მხოლოდ ოთხი ახალი კანდიდატი დაასახელა. 

“პრეზიდენტის ფავორიტ ახალ მთავრობას პარლამენტი ჩაგდებას უპირებს”, წერს “რეზონანსი”. გაზეთის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ პრეზიდენტი დარწმუნებულია, ძველ მინისტრებს პარლამენტი არ დაამტკიცებს და ისინი მხოლოდ ვალის მოხდის მიზნით დაასახელა, “რათა შემდეგ პირნათელი ყოფილიყო მათთან”.

“პრეზიდენტი მაინცდამაინც არ იკლავს თავს, რომ რომელიმე კანდიდატი დამტკიცდეს”, განუცხადა “რეზონანსს” ფრაქცია “სოციალისტის” წევრმა ირაკლი მინდელმა. მისი თქმით, შესაძლოა, მისმა ფრაქციამ მინისტრების დამტკიცების პროცესში საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა. გაზეთის ინფორმაციით, ფრაქციათა უმრავლესობა არ აპირებს მხარი დაუჭიროს წარმოდგენილ კანდიდატურებს.

“მოქალაქეთა კავშირის” წევრს ნიკო ლეკიშვილს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ფაქტიურად სულ ერთია, ვის დაამტკიცებს პარლამენტი მინისტრებს პოსტზე, ვინაიდან ახლა მთავარი პრობლემა მინისტრთა კაბინეტის თემაა. ნიკო ლეკიშვილი ასევე ეწინააღმდეგება პრეზიდენტის ინიციატივას სტრუქტურული ცვლილებების შესახებ და მიაჩნია, რომ მინისტრთა კაბინეტის შემოღებამდე ამ ცვლილებების განხილვა უბრალოდ დროის დაკარგვა იქნება (“ახალი თაობა”).

Back to top button