ახალი ამბები

პარლამენტის ბიუროს სხდომის მიმოხილვა. 12.11.2001

12 ნოემბრის ბიუროს სხდომას პირველად წარუძღვა პარლამენტის ახლად არჩეული თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მან მადლობა მოუხადა დეპუტატებს თანადგომისთვის და თითოეულ მათგანთან, მიუხედავად იმისა დაუჭირა თუ არა მას მხარი, კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ნინო ბურჯანაძემ ბიუროს გააცნო პროცედურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა 14 ნოემბერს უშიშროების მინისტრის, ხოლო 15 ნოემბერს მთლიანად მთავობის შემადგენლობა პარლამენტს უნდა წარუდგინოს. მან დეპუტატებს სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება აუწყა.

ფრაქცია “ტრადიციონალისტების” ლიდერმა აკაკი ასათიანმა განაცხადა, რომ მისი ფრაქცია ამზადებს რეგლამენტში ცვლილებების პროექტს. პროექტის მიხედვით მინისტრებისათვის დასამტკიცებლად საჭირო ქვორუმი, რომელიც დღეს 79-ით განისაზღვრება, უნდა გაუტოლდეს კომიტეტის თავჯდომარის არჩევვისათვის საკმარის ქვორუმს (118 ხმა).

ვასილ მაღლაფერიძემ ბიუროს გააცნო ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” გადაწყვეტილება, რომელიც სამ პუნქტად ჩამოაყალიბა:

  • მინისტრების დასამტკიცებელი ქვორუმის 118 დეპუტატით განსაზღვრა;
  • საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობის შემცირების აუცილებლობა;
  • პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნა, რომელიც ბიუჯეტის სეკვესტრზე მინისტრების პასუხისმგებლობას ეხება.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურზანიამ გააკეთა ინფორმაცია, რომ ამ კომისიის მუშაობას კანცელარიაში თედო ისაკაძე კურირებს. მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი ცვლილებებსა და დამატებებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ კანონში.

კოტე კემულარიამ აღნიშნა, რომ არც პრეზიდენტის და არც პარლამენტის მხრიდან სისტემური ცვლილებების სურვილი არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მინისტრებად რეფორმატორული იმიჯის მქონე ადამიანების მოსვლა. ამის პასუხად ნინო ბურჯანაძემ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ პარლამენტი უახლოეს მომავალში აუცილებლად იმსჯელებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე. იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ადეიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონპროექტების ყველა ვარიანტს შეაჯერებს.

მრეწველებმა თავისი პოზიციები სავარაუდო მინისტრთა კანდიდატურების მიმართ განსაკუთრებული სიმწვავით დააფიქსირეს და განაცხადეს რომ პარლამენტში უდიდესი წინააღმდეგობა სწორედ ძველ მინისტრებს შეხვდებათ.

პარლამენტის თავჯდომარემ გააცნო დეპუტატებს მომავალი სამუშაო სქემა, რომლის მიხედვითაც ის წინასწარ შეიტყობს პრეზიდენტისაგან მინისტრების კანდიდატურების ვინაობას, შემდეგ გამართავს თითოეულ ფრაქციასთან კონსულტაციებს და მოახსენებს პრეზიდენტს მათ წინასწარ განწყობას. საბოლოოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტი იქნება, რომელ კანდიდატურებს წარუდგენს პარლამენტს. მინისტრების ის კანდიდატურები, რომელთა სამინისტროებიც გაუქმებას ექვემდებარება, წინასწარ იქნებიან გაფრთხილებული მათი ფორმალური წარდგენის შესახებ.

ბიურომ ოფიციალურად ცნო “ტრადიციონალისტებისა” და “ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატების” კოალიცია.

პარლამენტის  თავჯდომარემ ბიუროს ამცნო, რომ მინისტრების დამტკიცებამდე პლენარულ სხდომებზე კანონპროექტების განხილვა დროებით შეჩერდება.

Back to top button