ახალი ამბები

პრეზიდენტი მთავრობის რეინკარნაციას აპირებს

“ახალი თაობა”, “დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

(თბილისი. 13 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მთელი მთავრობა დაითხოვა, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ ვინ დაიკავებდა აღმასრულებელ მთავრობაში ადგილს. “ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობების დათბობის შემდეგ არ იყო გამორიცხული, მთავრობაში რამდენიმე პოსტი აჭარის წარმომადგენლებს აეღოთ, მაგარამ პრეზიდენტი კვლავ თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა”, წერს “ახალი თაობა”.

მთავრობის შემადგენლობას, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს განსახილველად დღეს უნდა წარუდგინოს “დილის გაზეთი” რეინკარნირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ დათხოვილმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ “აღდგომა” დაიწყო.

გაზეთი მინისტრობის ცალკეულ კანდიდატებს განიხილავს და ამბობს, რომ მათგან უმრავლესობა ჯერ დაუვიწყარი ძველი სახეებია. ქართული პრესის ვარაუდით, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენლი კანდიდატურების დამტკიცება გაძნელდება. “განსაკუთრებით დიდი საშიშროების წინაშე დგანან ეკონომიკური და სამართალდამცავი ბლოკების მომავალი ხელმძღვანელები”, წერს “დილის გაზეთი”.

“რეზონანსს” მიაჩნია, რომ ძალოვანი მინისტრების შერჩევა პრეზიდენტს ძალიან უჭირს. “ყველაზე სავალალო ალბათ ისაა, რომ პრეზიდენტმა იმ უწყებაში ვერ იპოვა ადამიანი, რომელზეც უნდობლობის საფუძველი არ არსებობს”, აღნიშნავს “რეზონანსი”. ის დარწუმენებულია, რომ ახალი მინისტრების კანდიდატურებს პრეზიდენტი მაინც გადაყენებული მინისტრების გუნდებიდან შეარჩევს. “ძველების გადაადგილებით ჯამი არ იცვლება!” – დასძენს გაზეთი.

“ეს უწყებები კლანებისა და წვრილ-წვრილი კონტრაბანდისტების ინტერესების დაცვის აშკარა გარანტიას წარმოადგენენ… დღეს პოლიტიკოსები თვლიან, რომ უშიშროებისა და შს სამინისტროები ძირეულ სტრუქტურულ რეფორმას, ასევე სერიოზულ საკადრო ცვლილებებს საჭიროებენ”, წერს “რეზონანსი”.

პრეზიდენტი შევარდნაძე, გარდა პარლამენტისთვის ახალი მინისტრების კანდიდატურების წარდგენისა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურულ ცვლილებას, კერძოდ, სამინისტროების რაოდენობის 18-დან 15-მდე შემცირებას აპირებს. “ამ ბოლო განზრახვასთან დაკავშირებით დეპუტატებს უჭირთ დამოკიდებულების გამოხატვა”, წერს “დილის გაზეთი”.

 

Back to top button