
რუსეთის სათათბიროს აფხაზეთთან ერთად კოდორის ხეობაც სურს
“რეზონანსი”, “დილის გაზეთი” აფხაზ სეპარატისტებსა და ქართველ პარტიზანებს შორის შეტაკებებში უკვე რამდენიმე ასეულმა რუსულმა სამხედრო შენაერთმა მიიღო მონაწილეობა. გაზეთს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებს. გაზეთი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, “საქართველოს ტერიტორიაზე სხვისი ომი მიმდინარეობს” (იგულისხმება ომი რუსეთსა და ჩეჩნებს შორის). რუსეთის პროვოკაციის შიშით ქართველი პარტიზანები აფხაზეთის ტერიტორიაზე მასიური შეტაკებებისგან თავს იკავებენ. პარტიზანთა ლიდერები ფიქრობენ, რომ მათი აფხაზეთში შესვლის შემთხვევაში რუსეთი აფხაზეთის მასიურ დაბობმბვას დაიწყებს (“რეზონანსი”). “აფხაზეთის გარდა, რუსეთი პრეტენზიას აცხადებს კოდორის ხეობაზეც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კოდორის ხეობაში სამხედრო შენაერთების შეყვანის ფაქტს რუსეთის მხრიდან რადიკალური შეფასება მოჰყვა”, წერს “რეზონანსი”. გაზეთის აზრით, რუსეთის სათათბირომ საქართველოს წინააღმეგ გამოუცხადებელი ომის დაწყებას დაუჭირა მხარი, როდესაც გუშინ სპეციალური დადგენილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. დადგენილების მიხედვით, რუსეთი საქართველოს ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს და უმოკლეს ვადაში “ქმედითი ზომების გატარებას” გეგმავს. “დილის გაზეთი” რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს “იმპერიული ამბიციებით გაძეძგილს” უწოდებს და “რეზონანსის” მსგავსად აღნიშნავს, რომ აფხაზური არმიის მხარდასაჭერად დღის წესრიგში დგას გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებაც. ამ მიზნით, რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე საკმაოდ მძლავრი სამხედრო დაჯგუფებების შეყვანას აპირებს. გარდა ამისა, აფხაზეთში უკვე გადასროლილია რუსეთის სამხდრო ძალები ავიაციითურთ. ამავე დროს, “რუსეთის დუმამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა საქართველო და მისი ხელმძღვანელობა საერთაშორისო ტერორიზმის ხელშეწყობაში და ანტირუსული ისტერიის გაღვივებაში დაადანაშაულა”, წერს გაზეთი. “დილის გაზეთისთვის” გაუგებარი რჩება, თუ რატომ აღაშფოთა რუსი პარლამენტარები იმან, რომ აშშ-ში ყოფნისას შევარდნაძემ საქართველოსა და ნატოს შორის მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. რუსეთის იმპერიული ამბციების დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ რუსეთის სათათბიროს მიერ შემუშავებულ დადგენილებაში “ქართველები გამოგვიყვანეს რაღაც კლიკნიკურ იდიოტებად, რომლებიც არაფრის გამო, უეცრად ადგნენ და იქცნენ რუსოფობებად”, წერს გაზეთი. რუსული მენტალიტეტის მიხედვით, რუსეთი სწორად იქცევა ჩეჩნეთში, ხოლო თუ საქართველომ სცადა აფხაზეთში თავისი ინტერესების დაცვა, – ეს უკვე “აგრესია” და “მცირერიცხოვანი ერის დაჩაგვრაა”, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ქართულ-აფხაზური კონფლიქტი იგივე კვალიფიკაციისაა. ამას ადასტურებს რუსეთის სათათბიროს მემარჯვენე დეპუტატი ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთს აფხაზეთისა და ჩეჩნეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების დემონსტრირებაში ადანაშაულებს.“რეზონანსის” ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ საქართველოს აქვს შანსი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები რუსეთის გავლენისგან თავის დასაღწევად გამოიყენოს. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მოვლენები რუსეთისთვის სასურველი სცენარით განვითარდეს.