ახალი ამბები

რუსმა სამშვიდობოებმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულეს

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ახალი თაობა”

რუსეთის მხრიდან აშკარა აგრესიის გამოვლენამ გამოიწვია აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის საკითხის წამოჭრა. მისი ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო.

“რუსი სამშვიდობოების გაყვანის იდეას პარლამენტის პოლიტიკური ძალებიდან სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა”, წერს “რეზონანსი”. მათი ერთი ნაწილი, განსაკუთრებით “აღორძინება” და სოციალისტები, თვლიდა, რომ სამშვიდობოების გაყვანა სიტუაციას აფხაზეთში კიდევ უფრო გაართულებდა და რუსეთის მხრიდან მეტი აგრესია იქნებოდა მოსალოდნელი. მეორეს მხრივ, რუსი სამშვიდობობოების გაყვანის მომხრე იყო საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობა. “რუსულმა სამხედრო ძალებმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულეს აფხაზეთის კონფლიქტში”, განუცხადა რეზონანსს “ახალი ფრაქციის” ლიდერმა დავით გამყრელიძემ. ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” თავმჯდომარეს ირაკლი გოგავას კი მიაჩნია, რომ აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამშვიდობოები მხოლოდ მესაზღვრეების ფუნქციას ასრულებდნენ. “დილის გაზეთის” ინფორმაცით, რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონაში შესვლის შემდეგ 1700 ქართველია მოკლული.

საბოლოოდ პარლამენტმა შეიმუშავა დადგენილება, რომელშიც დაფიქსირდა განცხადება რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის შესახებ. “თუმცა პასუხისმგელობის დიდ ნაწილი მაინც პრეზიდნეტს რჩება. პარლამენტი მიღებული დადგენილებით მხოლოდ რეკომენდაციას უწევს მას, რათა ჯარების გაყვანის საკითხი განიხილოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს”, წერს “დილის გაზეთი”.

“ახალი თაობა” პარლამენტარებს საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. “მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა, ჩვენი კანონმდებლების უდიესი ნაწილი მაინც ინარჩუნებს ხალისიან განწყობას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საკმაოდ არასერიოზულად უყურებს”, წერს იგი.

Back to top button