
საქართველომ საინფორმაციო კონტრშეტევის სტრატეგია უნდა შეიმუშაოს
“რეზონანსი” “რეზონანსი” საქართველოს ხელისუფლებას არაოპერატიულობაში ადანაშაულებს და წერს: “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციის გავრცელებაში რუსეთი და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ყოველთვის ასწრებს”. სიტუაცია იძაბება სამეგრელოშიც, სადაც მოსახლეობა იარაღს და მებრძოლების დახმარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასობრივი გამოსვლებით იმუქრებიან. “მოსახლეობა პანიკაშია”, წერს გაზეთი და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფალნი საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და აცხადებენ, რომ სამეგრელოში სტაბილურობაა. “მებრძოლთა კავშირის” თავმჯდომარემ რუზგენ გოგოხიამ გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლებს მთავრობის მხრიდან არავინ ეხმარება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აფხაზეთს თავისი სახელმწიფოს ნაწილად თვლის. “დილის გაზეთი” “დილის გაზეთი” გვთავაზობს ინტერვიუს კავკასიის საკითხთა ექპერტთან მამუკა არეშიძესთან. იგი აცხადებს, აფხაზეთში მიმდინარე მოქმედებები შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების წინაააღმდეგ. მისი თქმით, ერთი თვის წინ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი დიდ კავკასიურ ომს ამზადებდა და მასში საქართველოც ჩათრეული უნდა ყოფილიყო. ის რაც აფხაზეთში ხდება, საქართველოსთვის აბსოლუტურად წამგებიანია და მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ეკისრება, ამბობს ექსპერტი გაზეთთან საუბრისას. “ახალი თაობა” გაზეთში გამოქვეყნდა სტატია სათაურით “რუსებს სტალინისა და შევარდნაძის ბოღმა აწუხებთ”, სადაც საუბარია იმ საინფრომაციო ომზე, რომელსაც რუსეთის საინფორმაციო საშუალებები საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებენ. “პუტინის მას-მედიამ აფრები ისე აუშვა, რომ საქართველოს ლანძღვისას თავს კოტროლს ვეღარ უწევს”, წერს ავტორი და განსაკუთრებულ ხაზს უსვამს ტელეკომტანია “ო-ერ-ტე”-ს გადაცემას “ოდნაკო”, რომლის წამყვანია მიხეილ ლეონტიევი. “უკვე მერამდენე გადაცემაში მისი (ლეონტიევის) მთავარი თემა საქართველოს ლანძღვა-გინება და შევარდნაძის შეურაცხმყოფელი ცინიკური გამონათქვამებით ჟონგლირებაა”, წერს გაზეთი და ასე ხსნის გადაცემის წამყვანის აგრესიას: “როგორც ჩანს, ლეონტიევი რუსეთის იმ მოქალაქეების რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც ძნელად გადაიტანა რუსეთის ისტორიაში ქართველების როლი”. გარდა ამისა, სხვა მიზეზი საქართველოს ლანძღვისა, გაზეთის მიხედვით, არის ის, რომ რუსეთს ძალიან სურს აფხაზეთის მიერთება. “ახალ თაობას” მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ერთი მხრივ ჩეჩნეთის, მეორე მხრივ კი – საქართველოსი. საქართველომ რუსეთთან საინფორმაციო ომი წააგო, თუმცა, სტატიის ავტორი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი გამოასწოროს ვითარება, თუ ჩამოაყალიბებს საინფორმაციო კონტრშეტევის სტრატეგიას. “ალია” “ალია” აფხაზეთის კონფლიქტში ქართველი მაღალჩინოსნების წვლილზე საუბრობს. “საქართველო მართლაც დგას სახელმწიფო გადატრიალების წინაშე. ახლა თუ ვინმე, თუნდაც შოუსთვის, არ დაისაჯა, პოლიტიკური კარიესი გარდაუვალი იქნება”, წერს გაზეთი და საეჭვოდ აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე ჩუმად ყოფნას ამჯობინებს, რაც მისთვის უჩვეულოა.სიტუაცია აფხაზეთში კვლავინდებურად დაძაბულია და ის საქართველოს ხელისუფლების მიერ არ კონტროლირდება. ქართული პრესა ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას და აღნიშნავს, რომ მან რუსეთთან საინფორმაციო ომი წააგო.