ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტის სხდომების მიმოხილვა. 01 – 07 ოქტომბერი, 2001

საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტი

4 ოქტომბერს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტმა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა. პარლამენტში პროექტის წარდგენა გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებით. კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა სიორიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვას კომიტეტი უკვე შეუდგა.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს სავალუტო ფონდის კიდევ ერთი რეკომენდაცია 2001 წლის ბიუჯეტის კორექტირების შესახებ. სხვადასხვა სამთავრობო სამსახურების მონაცემებით, ბიუჯეტი აუცილებლად უნდა შემცირდეს 200-300 მლნ. ლარით. ზაზა სიორიძის განცხადებით, ბიუჯეტის შემცირება გარდაუვალია. მან მოუწოდა ფინანსთა სამინისტროს, რომ მან სათანადო პროექტი პარლამენტში განსახილველად დროულად და არგუმენტირებულად წარადგინოს.
   

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

3 ოქტომბერს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნულ ორგანიზაციაში არსებული ვითარება. მოსმენის გამართვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე უარს აცხადებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია.

როგორც პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ითქვა, საქართველო მსოფლიოს 174 ქვეყნიდან ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც საერთაშორისო წითელი ჯვარი პროგრამებს წყვეტს. პრობლება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციასა და წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოების თავმჯდომარის, ნოდარ ცქიტიშვილს შორის დაპირისპირების შედეგად წარმოიქმნა, როდესაც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციამ ნოდარ ცქიტიშვილს კორუფციაში დასდო ბრალი. 27 სექტემბერს წითელი ჯვრის ეროვნულ საზოგადოებაში ყრილობა გაიმართა, რომელზეც ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ ნოდარ ცქიტიშვილი იქნა არჩეული.

ნოდარ ცქიტიშვილმა, რომელმაც საქმიანობის ანგარიში არ წარადგინა, პარლამენტის კომიტეტის სხდომის ჩატარების ვადის 15 ნოემბრამდე გადადება სთხოვა. მისი თქმით, 11 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის კონფერენცია გაიმართება. ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ დროისთვის ის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას მოაწესრიგებს. მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს, ნოდარ ცქიტიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი მძიმე ვითარებიდან გამოსავალს წითელი ჯვრის ალტერნატიული საზოგადოების შექმნაში ხედავენ. ამის გამო კი, აუცილებელია კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, რადგან შესაბამისი კანონით, ქვეყანაში წითელი ჯვრის მხოლოდ ერთი ეროვნული ფედერაცია შეიძლება არსებობდეს.

Back to top button