ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერს

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში 30 მაისს პოლიტიკურის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფიგზე განაცხადეს, რომ პარტია შვიდთვიან ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის.

პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მოცემულ მომენტში „ყველაზე სწორი გადაწყვეტილება“ მიიღო, რომელიც „კომფორტის ზონას“ არ დაუტოვებს „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილს. პარტიის ლიდერმა გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური პრობლემებიც დაასახელა და „ყველა დონეზე“ ბრძოლის პირობა დადო.

მიუხედავად საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისა, ნაციონალური მოძრაობა ევროკავშირის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს. გამოხატა რა „უდიდესი პატივისცემა“ მედიაციის პროცესში ჩართული ევროპელი დიპლომატების მიმართ, ნიკა მელიამ თქვა „არის ამ შეთანხმებაში ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი არის“.

ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარეს საუბრისას კონკრეტული პუნქტი არ დაუსახელებია, თუმცა, დიდი ალბათობით, იგი 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის საქმეზე ამნისტირებას გულისხმობდა.

ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას წინ პარტიაში რამდენიმეკვირიანი განხილვა უძღვოდა, რამდენადაც საკითხზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო.

საერთაშორისო გამოხმაურება

ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა და აღნიშნეს, რომ „ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ“. მათვე „მწუხარება“ გამოხატეს იმის გამო, რომ პარტია 19 აპრილის შეთანხმებას არ შეუერთდა.

განცხადების თანახმად, ნაციონალური მოძრაობა სხვა პარტიენთან ერთად „თანაბრად პასუხისმგებელია“, რომ „კონსტრუქციულად ჩაერთოს“ პარლამენტის მუშაობაში ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, როგორებიცაა – პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულება, საარჩევნო და სასამართლო სისტემების ამბიციური რეფორმის განხორციელება, ასევე პარლამენტში ძალაუფლების განაწილება.

„შეთანხმების ხელმოწერით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერის თაობაზე ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას „ძალიან სამწუხარო“ უწოდა. „პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია“, – განაცხადა მან.

შენიშვნა: მასალა 2021 წლის 31 მაისს 13:15 სთ-ზე საერთაშორისო საქართველოში აშში-ს საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის, ასევე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button