Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებაზე საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხზე საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურის და კრიტერიუმების შესაბამისად.

„ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება კვალიფიციური კადრებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღესვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ „არასწორია შეხედულება“, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები „საკითხის ფორსირებულ რეჟიმში – მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას“ ითხოვდნენ.

„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც, ცხადია, საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების 10 კანდიდატურა 24 დეკემბერს შეარჩია და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა, რასაც არასამთავრობო სექტორის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. არასამთავრობოებმა 25 დეკემბერს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და პარლამენტს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდეს. იმავე რეკომენდაციით 26 დეკემბერს პარლამენტს სახალხო დამცველმაც მიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button