
თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 24-ე შეხვედრა გაიმართა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 6 სექტემბერს.
„რამშტაინის ავიაბაზაზე შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში არსებული ვითარება და უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
ეს იყო რამშტაინის ფორმატის პირველი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უშუალო მონაწილეობით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც შეხვედრას მასპინძლობდა, განაცხადა, რომ 50-ზე მეტი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინისთვის ყველა საჭირო დახმარების გაწევას, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საარტილერიო ჭურვებისა და F-16 გამანადგურებლების ჩათვლით.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English Русский