skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში “აპარტამენტების კანონპროექტი” გაიწვიეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გაიწვიეს კანონპროექტი აპარტამენტების შესახებ, რომელიც აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში არარეზიდენტების მიერ ათასობით აპარტამენტის აშენებასა და შეძენის გამარტივებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება “დაძაბულობის შემცირებასა და სტაბილურობის შენარჩუნებას” ისახავს მიზნად, აღნიშნულია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის განცხადებაში. იმავე განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება “სახალხო აზრის, პირველ რიგში უხუცესთა საბჭოს, აფხაზი ხალხის პატრიოტული ომის გმირების, სამეცნიერო წრეების, ინტელიგენციისა და სხვა დაინტერესებული მოქალაქეების” პოზიციების გათვალისწინებით მიიღეს.

მასობრივი უკმაყოფილების ფონზე, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ასლან ბჟანიას მეთაურობით ცდილობდა მიეღო “კანონი,” რომელიც უცხოელებს, მათ შორის რუსებს – გავრცელებული აზრით ამ “კანონის” მთავარ ბენეფიციარებს – ოკუპირებულ რეგიონში ბინების აშენებისა და ყიდვის საშუალებას მისცემდა. ადგილობრივები წუხან ისეთ პოტენციურ პრობლემებზე, როგორიცაა ფასების სავარაუდო ზრდა, სტუმარმასპინძლობის ბიზნესის სავარაუდო ზარალი და რეგიონის დემოგრაფიული ბალანსის შესაძლო ცვლილება.

მანამდე ადგილობრივმა ახალგაზრდულმა მოძრაობა “ხარახპიცუნდამ” განაცხადა, რომ “[კანონპროექტის] გაწვევა დროებითი გამოსავალია. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია ამაზე დათანხმება. ამ კანონპროექტის არსებობით დღევანდელმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მისი ნდობა შეუძლებელია. ჩვენ ვითხოვთ გარანტიებს. ჩვენ გვჭირდება, რომ ახლავე წერტილი დაესვას ამ საკითხს. გვჭირდება მორატორიუმი. თუ ხელისუფლება ახლა გადაწყვეტს საკითხის უკან გაწვევას, ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ კიდევ წამოჭრან იგი [მომავალში]. ჩვენ მათ ამის უფლებას ვერ მივცემთ.”

არსებული “საკანონმდებლო” ინიციატივა არის კანონპროექტის “აპარტ-სასტუმროებისა და ბინების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ” რედაქტირებული ვერსია, რომელსაც დე-ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია ლობირებდა. კანონპროექტის რედაქტირებული ვერსია შეეხება რეგიონის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც დასავლეთთან შედარებით უფრო სავალალო ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ რეგიონის ნაწილად მიიჩნევა.

“შესაძლოა გადაიხედოს პარამეტრები, გეოგრაფია, მაგრამ ეს ეხება მთელი ინდუსტრიის განვითარებას, ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის დინამიკურ განვითარებას… ჩვენთან მოვლენ ადამიანები, რომლებიც შეიძენენ ამ უძრავ ქონებას, გამოაცოცხლებენ ჩვენს ეკონომიკას, ფულს შეიტანენ ჩვენს ბიუჯეტში და მათ არანაირი პოლიტიკური უფლებები არ ექნებათ. ბინების შეძენა აფხაზეთის მოქალაქეობას არ უკავშირდება,” აღნიშნა ადრე ბჟანიამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button